ეკატერინეEkaterine.geჩიგოგიძე

ბლოგი


3D ქოუჩინგი

გაცნობიერება როგორც 3D გამოცდილება

 

ICF ქოუჩინგის საერთაშორისო ფედერაციაში გაწევრიანებამ სხვა ბენეფიტებთან ერთად მომცა საშუალება, რომ მათ გლობალურ ბლოგთან მქონოდა წვდომა. აქ ერთ საინტერესო სტატიას გავეცანი, რომელიც საუბრობდა ქოუჩინგის დროს სამგანზომილებიანი გაცნობიერების მეთოდზე, უფრო კონკრეტულად კი ტექნიკაზე, რომელიც გეშტალტ თერაპიის ტრადიციიდან მომდინარეობს სახელწოდებით „ცნობიერების ზონები“ და ჰყოფს გაცნობიერების გამოცდილებას სამ ნაწილად: შუა ზონა, გარე ზონა და შიდა ზონა.

ყველა ქოუჩმა კარგად იცის როდის დგება მომენტი, როცა კლიენტი „მენტალური გაჭედვის“ პროცესშია. ეს ნათლად აისახება მის სახესა და სხეულზე: წარბები იჭმუხნება, ხელი შუბლისკენ მიდის, თვალებში დაბნეულობა და/ან არაფრისმთქმელი გამომეტყველება ისახება, სხეული იძაბება.

მიუხედავად იმისა რა პროფილის ქოუჩინგს ვაკეთებთ, როგორც წესი, კლიენტი ჩვენთან მოდის მაშინ, როცა თავისმა ჩვეულმა აზროვნების პატერნმა „გაჭედა“ და ის ვერ ხედავს გამოსავალს სიტუაციიდან - თავისი ფიქრებით კედელს ეჯახება. მას არ ჰყოფნის გონებრივი რესურსი იმისთვის, რომ ახალი გამოსავლის გზა დაინახოს.

ზონები

შუა ზონა შედგება ჩვენი ფიქრების და მენტალური პროცესებისგან. ეს არის ზონა, სადაც ადამიანების უმრავლესობა აზროვნებს და აკეთებს გაცნობიერებას. განსჯა, ინტერპრეტაცია, მოლოდინი და გახსენება - ყველა ამ ზონაში ჩნდება. მაშინ, როდესაც გონება არის ლოგიკისა და რაციონალის ადგილსამყოფელი, ის არის რთული, კომპლექსური და ხშირად ფარული მექანიზმი, რომელიც, თითქმის გამონაკლისის გარეშე, მიგიყვანთ „გაჭედილობის“ განცდამდე. ფრაზები, რომლებიც იწყება სიტყვებით „მე ვფიქრობ“ ან „ვერ გავერკვიე“, მიუთითებს იმაზე, რომ აზროვნება ხდება შუა ზონაში.

გარეთა ზონა ეს არის ის სივრცე, რომელსაც ჩვენ ჩვენი აღქმის ფილტრებით ობიექტურად ვაკვირდებით ჩვენს გარშემო არსებულ სამყაროში. ეს არის ზონა, რომელთანაც ვცდილობთ დავამყაროთ კავშირი და ჰარმონია, როდესაც მედიტაციურ პრაქტიკებს ვაკეთებთ ან უბრალოდ მშვიდად ვართ. ამ ზონაში ჩვენ უბრალოდ ვართ არსებული რეალობის დამკვირვებელი და დამსწრე. განსჯა და ინტერპრეტაცია აქ არ ხდება. ფრაზები, რომლებიც იწყება სიტყვებით „მე ვხედავ“ ან „მე მესმის“ თანდართული ნატარივის გარეშე, მიუთითებენ გარეთა ზონის გაცნობიერებაზე.

შიდა ზონა აგებულია ჩვენს ემოციებზე და ფიზიკურ შეგრძნებებზე ჩვენს სხეულში. როგორც გარე, ისე შიდა ზონა ეს არის სივრცე სადაც ყოფნა ხდება განსჯის და ინტერპრეტაციის გარეშე, ეს ასევე არის კარგი ზონა მედიტაციური ფოკუსის გაფართოვებისთვის. ფრაზები, რომლებიც იწყება სიტყვებით „მე ვგრძნობ“, ხშირად არის სიგნალი, რომ გაცნობიერება ხდება ჩვენს შინაგან განზომილებაში.  

 

ზონების გამოყენება ქოუჩინგში

ქოუჩინგის სივრცეში, როდესაც კლიენტთან ვმუშაობთ ცნობიერების განვითარებაზე, ისინი ჩვეულებრივ ადვილად ფუნქციონირებენ შუა ზონაში და დახმარებას ეძებენ სხვაგან. ამიტომ სასარგებლოა ისეთი პრაქტიკის დანერგვა, რომელიც დაეხმარება ადამიანს გადაინაცვლოს შუა ზონიდან გარე და შიდა ზონებში. მაგრამ სრულყოფილი გაცნობიერება ნიშნავს სამივე მათგანის დაბალანსებულ ინტეგრაციას.

გარეთა ზონაში ცნობიერების განვითარება განსაკურებით მნიშვნელოვანია თუ ადამიანის წინაშე სხვა ადამიანების მართვის/ხელმძღვანელობის გამოწვევა დგას, თუ მას აქვს სოციალური უნარების და ურთიერთობების პრობლემები - ამ ყველაფერს სჭირდება სენსორები, რომლებიც ამჩნევენ სხეულის ენას, მოძრაობას, სახის გამომეტყველებას, ხმის ტონსა და ტემბრს, გარეგნულ გამოსახულებას და გარემოებებს. საკუთარი ემოციების და ფიზიკური შეგრძნებების უკეთ გაგება და სიღრმისეულად აღქმა შიდა ზონის გაცნობიერების საშუალებით მნიშვნელოვანია, როცა ადამიანთან ვმუშაობთ მისი ნამდვილი ფასეულობების აღმოჩენაზე და მენტალური და ემოციური ბალანსისთვის ფიზიკური და ემოციური „გასაღებების“ იდენტიფიცირებაზე. ეს ჰარმონია დგება როცა ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი ფუნდამენტური ღირებულებების შესაბამისად, ამის საპირისპიროდ კი დგება დისონანსი, როცა არ გვაქვს ეს სინქრონულობა.

ამ 3-განზომილებიანი ტექნიკის დამუშავება ხდება ცნობისმოყვარეობის საფუძველზე. როცა ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი კლიენტი შუა ზონიდან აზროვნებს, ჩვენ შეგვიძლია დავუსვათ შეკითხვები, როგორიცაა „რა ხდება შენს სხეულში ეხლა?“ ან „რა ემოციებს გრძნობ ეხლა?“ ან „რა ხდება შენს გარშემო ამ მომენტში?“ ეს შეკითხვები ხაზს უსვამენ აწმყო მდგომარეობას - აქ და ამჟამად ყოფნას, მის განუყოფელ ყურადღებას იმაზე, რაც არის და არა იმაზე, რაც იყო ან რაც იქნება - ეს კი უმნიშვნელოვანესია ტრანსფორმაციული სახის გაცნობიერებებისთვის.

 

მეოთხე ზონა

მე მაქვს კიდევ ერთი ზონა, კოსმიურ ზონას ვუწოდებ. მასში შესვლა ყველასთვის არ არის ხელმისაწვდომი, თუმცა მე მაინც ვეხმარები.

ეს ზონა ყველაზე ამაღლებულია და სამივე ზემოთ განხილულ ზონას მოიცავს. თითქოს კოსმოსიდან უყურებ შენს თავს და შენს პრობლემას. იქიდან ყველაფერი სხვანაირად ჩანს. აი, წარმოიდგინეთ თვითმფრინავიდან რომ იყურები, ამის მსგავსი, ოღონდ ასმაგად უფრო კომპლექსური, ღრმა და შორეული ხედვა და გრძნობა - ყველაზე მეტად დაახლოებული ჩვენს კოსმიურ, ღვთიურ, სულიერ არსთან და სხეულთან.

ჩემთვის ეს არის ის განზომილება ინგლისურად რომ ამბობენ “I’m in the zone”-ო ანუ ზონაში ვარო.

თუ თქვენი ცხოვრება გართულებულად მიმდინარეობს, თქვენს წინაშე მდგარ საკითხებს და გამოწვევებს პრობლემებს უწოდებთ, დიდი ხანი ვერ გამოდიხართ ერთი პრობლემიდან, ვერ ამთავრებთ უარყოფით ემოციურ კავშირს წარსულში მომხდარ მოვლენებთან, წინასწარ გეშინიათ იმის, რას მოგიტანთ მომავალი... ერთი სიტყვით, თუ ცხოვრება თქვენთვის რთული და სასტიკი ბრძოლაა, მაშინ გირჩევთ გამოსცადოთ 3D ან 4D ქოუჩინგი - თქვენს წინაშე ისეთი კარებები გაიღება, რომლებიც აქამდე უცნობი და ხელმიუწვდომელი იყო.

ჩემ შესახებ

ეკატერინე ჩიგოგიძე, ერიქსონის საერთაშორისო უნივერსიტეტის სერტიფიცირებული ქოუჩი, საავტორო პროგრამების ავტორი, ფინანსური და ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტი.

კონტაქტი

© EKATERINE, 2018. Developed by AMBER LTD