ეკატერინეEkaterine.geჩიგოგიძე

ბლოგი


„ლამაზ სხეულში ლამაზი სულია“ ?!

„ლამაზ სხეულში ლამაზი სულია“ ?!

 

უნდა გამოვტყდე, რომ ყოველთვის ეჭვი მეპარებოდა ამ გამონათქვამის ჭეშმარიტებაში...

და მაშინ მივხვდი რატომ, როცა გავიგე, რომ სინამდვილეში პირიქით არის. დიახ, პირიქით..

ლამაზ სულშია ლამაზი სხეული!

 

ერთგვარი შვება იყო ეს რომ გავაცნობიერე. ჩვენ არ ვართ ფიზიკური სხეულები, რომლებსაც აქვთ სულიერი ნაწილი. ჩვენ ვართ სულიერი არსებები განსხეულებულები ამ მოცემულ ფიზიკურ სხეულში. ჩვენი სულიერი, არა-ფიზიკური სხეულია ის, რომელსაც აქვს სიცოცხლის გამოცდილება უსასრულო დროის ამ მონაკვეთში. თუ მასზე ვიზრუნებთ და მას მოვუვლით საკმარისად, მაშინ ის ისეთ სილამაზეს მოგვცემს, როგორსაც ვერცერთი პლასტიკური ქირურგი ან სილამაზის პროცედურა ვერ მოგვანიჭებს. ადამიანი ლამაზდება შიგნიდან და არა გარედან.

გარეგნულად ლამაზი ადამიანები მხოლოდ ვიზუალური იმიჯის საშუალებით ვერასოდეს მოახერხებენ იმ მიმზიდველობის და მაგნეტიზმის გამოსხივებას, რომელიც აქვთ შინაგანად ლამაზ ადამიანებს.

ჩვენი სულიერი, არა-ფიზიკური, ენერგეტიკული სხეული არის ის, რომელიც განსაზღვრავს ჩვენი ჯანმრთელობის, მომხიბვლელობის, ქარიზმის, უნიკალურობის, სიმდიდრის, სიუხვის, სისავსის, წარმატების და კრეატიულობის დონეს და ხარისხს, ზოგადად, იმას თუ რამდენად ბედნიერები ვართ.

ის ფიზიოლოგიური მახასიათებლები, რაც გენეტიკურად გადმოგვეცა, ის ცოდნა, რომელიც შევიძინეთ, ის ანალიტიკური განსჯის და ფიქრის უნარი, რომელიც შევისწავლეთ... არის დამატებითი ინგრედიენტები, რომლითაც შეგვიძლია შევავსოთ ჩვენი ყოფიერება, მაგრამ ის გენეტიკური მახასიათებლები მიაღწევენ თუ არა თავის მაქსიმალურ განვითარებას, ის ცოდნა და უნარები იქნებიან თუ არა ჩვენს მიერ სრულად გამოყენებული, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ე.წ. ნიშნულებზეა დაყენებული ჩვენი ენერგო-სხეული სამყაროს ენერგო-ველში.

ის, რომ სამყაროში არ არსებობს ნულოვანი სიცარიელე და ყველანაირი ‘ცარიელი’ სივრცე შევსებულია უნივერსალური ცნობიერებით, ეს უკვე ცნობილია და მეცნიერულადაც  დადასტურებულია. ყველაფერი ენერგიაა. ენერგია კი მუდმივად მოძრაობს, ვიბრირებს, მისი შეჩერება შეუძლებელია. ის გარდაიქმნება, იღებს სხვადასხვა სახეს იმის მიხედვით თუ საით არის მიმართული და როგორია ის გარემო, რომელშიც მისი ტალღები მოძრაობენ.

 

ენერგია ვიბრირებს გარკვეულ სიხშირეებზე იმის მიხედვით რამდენად ინტენსიური, ძლიერი, მაღალია ან პირიქით, რამდენად სტატიკურია, სუსტია, დაბალია. ყველაფერი, რაც სოლიდური მყარი მასა გვგონია, კვანტურ დონეზე გარკვეულ სიხშირეზე კონცენტრირებული ენერგიის ერთობლიობას წარმოადგენს.

ადამიანი არ არის შექმნილი სტატიკური ენერგიის დაგროვებისთვის. როდესაც თავს „გაჭედილად“ ვგრძნობთ, სწორედ ეს ხდება. ჩვენში უწყვეტ ნაკადად უნდა მიედინებოდეს ენერგია. როგორც წყალი ისე უნდა ვიყოთ. სხვა შემთხვევაში „ვფუჭდებით“, უმოძრაო და უფუნქციო ვხდებით.  ფიზიკურად კი ვმოძრაობთ, მაგრამ ემოციურად და მენტალურად ერთ ადგილზე ვიყინებით, ვერ გამოვდივართ სტაგნაციის მდგომარეობიდან.  ჩვენს ენერგო-სხეულს დინამიურობა, „დრაივი“ აკლია. და რაც დრო გადის უფრო და უფრო ვმძიმდებით და ვსუსტდებით.

ჩვენი სხეულები იმახსოვრებენ თითოეულ ჩვენს ცხოვრებისეულ გამოცდილებას, როგორც დადებითს, ისე უარყოფითს. ეს ინფორმაცია არსად არ იკარგება, უბრალოდ აქტიურ მეხსიერებაში აღარ გვაქვს. და ეს გამოცდილებები კოდირებულია სწორედ ჩვენს ენერგო სხეულში, აი იმ დინამიურ ვიბრაციულ მატრიცაში, რომელშიც ინახება ჩვენი მენტალური, ემოციური, ფიზიკური და სულიერი ისტორიები. მათი ფიზიკური რეზონანსი არის სხვადასხვა სახის სხეულებრივი ტკივილები, დისკომფორტი, სიმძიმე, დაძაბულობა, ანთება, სპაზმი, შფოთვა, მღელვარება, უძილობა, უხასიათობა, უხალისობა და ა.შ.

ალბათ იცით ფსიქო-სომატური დაავადებების შესახებ. საიდან ჩნდებიან ისინი? მედიცინის სხვადასხვა დარგები ცდილობენ ამოხსნან და გაუმკლავდნენ დაავადებებს, რომელთა წარმოშობა და განვითარება ხდება არა-ფიზიკურ დონეზე. ამიტომაა, რომ, მაგალითად დაავადებები, რომელთაც არ აქვთ კონკრეტული ფიზიოლოგიურად გამომწვევი მიზეზები და განპირობებული არიან ნეგატიური მენტალურ-ემოციური მდგომარეობებით, უფრო ადვილად იკურნებიან ენერგიასთან მომუშავე სპეციალისტების დახმარებით ტრანსფორმაციული, არა-ტრადიციული მეთოდების გამოყენებით. თუმცა, ტრადიციულად ენერგიასთან მუშაობა ადამიანმა ყოველთვის იცოდა, მას ეს ნიჭი თანდაყოლილი ჰქონდა, სანამ ის არ გადაფარა რაციონალიზაციის და ლოგიკური აზროვნების ეპოქამ. სინამდვილეში, თუ გვინდა გამოვჯანმრთელდეთ და მოვიცილოთ ავადმყოფობები, ჩვენ რამე ახალი კი არ უნდა ვისწავლოთ, უნდა გავიხსენოთ ის, რაც ყოველთვის ვიცოდით.

 

და მაინც როგორ გავაკეთოთ ისე, რომ გავჯანსაღდეთ და გავლამაზდეთ არა-მატერიალური, სულიერი ანუ ენერგეტიკული განზომილებიდან?

პირველ რიგში უნდა მოვახდინოთ ძველი ემოციური ტვირთისგან გათავისუფლება.

როდესაც ჩვენ ცხოვრებაში ხდება ტრავმა ან ღრმა ემოციური სტრესები, ჩვენ, როგორც წესი, ვერ ვახერხებთ სიტუაციის სრულად მიღებას ან ჩვენს შიდა საპასუხო რეაქციებთან გამკლავებას. ხანდახან ჩვენ ბლოკირებას ვუკეთებთ და ვთრგუნავთ ემოციებს, რომლებიც სხვა არაფერია თუ არა ენერგია მოქმედებაში. ამით ჩვენ ვბლოკავთ ენერგიის დინებას და ღრმად ვმარხავთ ჩვენს არაცნობიერში მოგონებას და მასთან დაკავშირებულ გრძნობას ან გრძნობებს. ამის შემდეგ ემოციური ტრავმის ვიბრაცია ღრმად იდგამს ფესვებს და გაგვიჯდება სხეულში: შეაღწევს კუნთებში, ძვლებში და ორგანოებში უჯრედის დონეზე. თუ ბლოკირებულია ისეთი გრძნობები, როგორიცაა დანაშაულის გრძნობა, სირცხვილი, ტკივილი ან შიში, ეს წარმოშობს ჩვენს სხეულში დაძაბულობას და ისეთ დაავადებებს და სნეულებებს, რომლებსაც ახსნას ვერ ვუძებნით.

 

გარედან რამდენი მაკიაჟიც არ უნდა ვიკეთოთ, რამდენად ძვირფასი ტანისამოსიც არ უნდა ვატაროთ, რამდენი ფიტნესიც არ უნდა ვაკეთოთ, რამდენად ჯანსაღი ცხოვრების წესითაც არ უნდა ვცხოვრობდეთ, არ და ვერ ვიქნებით კარგად თუ არ მივხედავთ ჩვენს ენერგო-სხეულს.

ჩვენი კეთილდღეობის, ჯანმრთელობის, ახალგაზრდობის და სილამაზის შესანარჩუნებლად აუცილებელია ჩვენი სხეულებიდან ბლოკირებული ენერგიის გაშვება. შეიძლება თერაპიის, მედიტაციის ან სხვადასხვა ენერგო სამუშაოების დახმარებით შევძლოთ, რომ გადავამუშავოთ ჩვენი გრძნობები და გამოცდილებები. შესაძლოა სხვისი დახმარების გარეშე შევასრულოთ შინაგანი სიღრმისეული სამუშაოები. ნებისმიერ შემთხვევაში, აქ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი სხეულების განთავისუფლება იმისგან, რასაც ესე ძლიერად ვეჭიდებით და რაც ჩვენი პიროვნული ისტორიის ნაწილი გვგონია.

მინდა სწორად გამიგოთ, მე მიყვარს ადამიანები ბზარებით, გატეხილი გულებით, სევდიანი თვალებით... არ მიყვარს ცარიელი, უაზრო, ზედაპირული ადამიანები... მაგრამ ჩვენ ვვითარდებით მხოლოდ მაშინ, როცა შევძელით ტკივილის ტრანსფორმაცია მშვენიერებად, სიმძიმის ტრანსფორმაცია სიმსუბუქედ, სევდის ტრანსფორმაცია სინაზედ....

ჩვენ ეს ვერ შევძელით თუ წარსულის ემოციური ტრავმები ჩვენს იდენტობასთან გვაქვს გაიგივებული და ვამბობთ: „მე არ ვიქნებოდი მე, ის ტკივილი რომ არ გადამეტანა“. აბსოლუტურად მართალია!

თქვენ არ იქნებოდით ის, ვინც ხართ. მაგრამ თუ ამისგან არ გათავისუფლდებით ვერასოდეს გახდებით ის, ვინც შეიძლება ყოფილიყავით.

მთავარი კითხვა აქ ის არის, მართლა გადაიტანეთ თუ არა ის ტკივილი? თუ ისევ თან დაატარებთ? თვეების და წლების მერე?

გადატანა ნიშნავს ტრანსფორმირებას. ანუ იმ დაგროვილი უარყოფითი ენერგიის გარდაქმნას დადებით ენერგიად, რომელსაც აქვს შემქნის პოტენციალი. როცა ადამიანი სიცოცხლით სავსეა, მასში თავისუფალ დინებად მიედინება ენერგია, ის არ ჩერდება და არც შეიძლება რომ გაჩერდეს. ემოციებმა თავისუფლად უნდა იდინონ. არა აქვს მნიშვნელობა ეს ემოციები დადებითია თუ უარყოფითი. ასეთი დაყოფა რეალურად არც არსებობს. ემოცია არის ენერგია მოყვანილი მოქმედებაში - სულ ეს არის. ეს ჩვენ ვაძლევთ ემოციას მნიშვნელობას, როცა მას ვაფასებთ, როგორც კარგს ან ცუდს.

ემოციების აღარ შეგეშინდებათ და მათ მიმართ წინააღმდეგობები აღარ გექნებათ თუ თქვენთითონვე არ დაუგებთ მათ მახეებს და არ დააკავებთ. მიუშვით იდინონ და ნახავთ რამდენად სწრაფად წავლენ არასასიმოვნო შეგრძნებები და ჩანაცვლდებიან სასიამოვნო შეგრძნებებით. ეს თქვენ არ უშვებთ ბრაზს, წყენას, იმედგაცრუებას, სასოწარკვეთილებას, წარუმატებლობას, შურს, შიშს თქვენი ორგანიზმიდან. დაჭერილი გყავთ და მაგრად ეჭიდებით. სიცოცხლის დინებას ხელს უშლით. და ამ დროს გარედან რამდენიც არ უნდა გაილამაზოთ თავი, არაფერი გამოვა, დროებითი და ყალბი იქნება.

ძლიერი და თხევადი ანუ თავისუფალ ნაკადად მომდინარე ენერგო-სხეული არის გასაღები, რომელიც აღებს თვით-განკურნების და მშვიდი გონების კარებებს. სწორედ თქვენი ენერგო ვიბრაციით უკავშირდებით თქვენ სამყაროს ყოვლისმომცველ ენერგეტიკულ სივრცეს, რომელშიც არის წმინდა პოტენციალის ელექტრომაგნიტური ველი და სწორედ თქვენი ფიქრები და შეგრძნებები წარმოადგენს გადამცემს და მიმღებს ანუ ტრანსმისიის სიგნალს. რა სიგნალიც გადის თქვენგან, იმის შესაბამისი გიბრუნდებათ. თქვენ გაქვთ შესაძლებლობა რომ აკონტროლოთ რა მოდის თქვენამდე და შეგიძლიათ მიიღოთ ან უარყოთ ის, შეგიძლიათ შეცვალოთ თუ შეცვლით თქვენგან გაცემული ენერგიის ვიბრაციას.

თუ გინდათ სამუდამო სილამაზე და სიჯანსაღე შეინარჩუნოთ, იზრუნეთ იმაზე, რომ თქვენი ენერგია მაღალ სიხშირეებზე ვიბრირებდეს, იქ, სადაც არის სიყვარული, მადლიერება, სიმშვიდე, თანაგრძნობა... გაალამაზეთ თქვენი ფიქრები და დამოკიდებულებები და ნახავთ როგორი სინათლე გამოასხივებს თქვენგან. სხვა ყველაფერი ამას წამოჰყვება. ფიზიკურ რეალობას განაგებს არა-ფიზიკური. ყველაფერი, რაც შეიძლება ცხოვრებაში გსურდეთ, იქნება ეს წარმატებული კარიერა, ბიზნესი, სიმდიდრე, მატერიალური სიკეთეები, პროფესიონალიზმი, ფუფუნება, საჭირო კონტაქტები, სასიამოვნო ადამიანები, პარტნიორები და ა.შ. - ყველაფერი ეს იმართება არა-ფიზიკური განზომილებიდან, თქვენი ენერგო-სხეულიდან, მართვის პულტი კი ხელში გიჭირავთ... უბრალოდ რადგან უხილავია ვერ ხედავთ და ვერ გრძნობთ, რადგან სენსორები დაქვეითებული გაქვთ, მგრძნობელობას გაურბიხართ, „ზედმეტად ემოციურებს“ უწოდებთ იმ ადამიანებს, ვისაც ეს უნარი აქვთ...

კვლევები ადასტურებენ, რომ ადამიანს თავისი ცნობიერების ძალით თავისი გენეტიკური ინჟინერიის შეცვლაც კი შეუძლია. გაეცანით ეპიგენეტიკის უახლეს მონაცემებს და გაოცებული დარჩებით.

ადამიანს აქვს ზებუნებრივი ძალები, მას თვით-განკურნება შეუძლია, მას თავისი პირადი რეალობის შექმნა შეუძლია, არ არსებობს ლიმიტები. თუ ამ ძალაუფლებას არ გრძნობთ, ე.ი. ის გასხვისებული გაქვთ და სხვებს მიეცით გამოსაყენებლად.

მაგრამ ამაზე სხვა დროს, სხვა სტატიაში...

ამ სტატიის მიზანია  თქვენთვის იმის შეხსენება, თუ საიდან იწყება თქვენი სილამაზე, სიცოცხლისუნარიანობა, შემოქმედება, ჯანმრთელობა... სად არის წყარო ყველაფერი იმის, რაც გსურთ და გაბედნიერებთ.

 

ცხოვრება ან გაგაუხეშებს, დაგაუშნოვებს და დაგაავადებს ან დაგარბილებს, გაგალამაზებს და გაგაჯანსაღებს. რომელს ირჩევ შენ?

ჩემ შესახებ

ეკატერინე ჩიგოგიძე, ერიქსონის საერთაშორისო უნივერსიტეტის სერტიფიცირებული ქოუჩი, საავტორო პროგრამების ავტორი, ფინანსური და ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტი.

კონტაქტი

© EKATERINE, 2018. Developed by AMBER LTD