ეკატერინეEkaterine.geჩიგოგიძე

ბლოგი


ბედნიერება არის დიდებულება!

აჩუქეთ თქვენს შვილებს ცხოვრების ყველაზე დიდი საჩუქარი - თქვენი საკუთარი ბედნიერება

 

ბედნიერი მშობლების შვილები იზრდებიან ბედნიერ ადამიანებად. წერტილი.

 

მეტი შემეძლო არც დამეწერა და აქ გავჩერებულიყავი იმდენად ყველაფრისმთქმელია, რაც თავში დავწერე.

მაგრამ დავწერ კიდევ. დავწერ იმაზე თუ როგორი იყო ჩემი გზა ამ ჭეშმარიტებამდე.

ჩემი გზა ხანგრძლივი და რთული იყო. ვფიქრობ ეს გაართულა იმან, რომ, ჩემი შეხედულებით, ჩემი მშობლები არც ერთად და არც ცალ-ცალკე არ იყვნენ ბედნიერები.

ჩვენი ქვეცნობიერი პროგრამის ბაზისის ჩამოყალიბება, რომელიც განსაზღვრავს ჩვენს ცხოვრებას, ხდება 7 წლამდე ასაკამდე. ეს ის პერიოდია, როდესაც ბავშვის ტვინის ტალღული მოქმედება მიმდინარეობს ისეთ სიხშირეზე, როგორიცაა ჰიპნოზის მდგომარეობის დროს. ამიტომ იქ ყველაფერი უბრალოდ იტვირთება და ილექება, ანალიზის და გაცნობიერების გარეშე. ყველაფერი, რასაც ბავშვი ხედავს, ისმენს და განიცდის ფაილებივით ჩაიტვირთება ქვეცნობიერ გონებაში. ეს შემდგომ ასაკშიც გრძელდება, მხოლოდ ამ დროს ბავშვს უკვე საკუთარი იდენტობის და გარე სამყაროს აღქმის უნარი უვითარდება და მართალია ის ისევ აგრძელებს გარედან შემოსული ყველანაირი ინფორმაციის მიღებას, მაგრამ გარკვეული ფილტრაცია უკვე შეუძლია. თინეიჯერობის პერიოდი, რომელსაც გარდატეხის ასაკს უწოდებენ, მართლაც გარდამტეხია ადამიანის ცხოვრებაში. იმის მიხედვით, თუ რა ფაილები დაგროვდა მის ცნობიერებაში, მისი პროგრამა ბედნიერია ან არა-ბედნიერია.

მინდა მიაქციოთ ყურადღება კიდევ ერთხელ: ბედნიერი მშობლების შვილები იზრდებიან ბედნიერ ადამიანებად. არა წარმატებული მშობლების, არა მდიდარი მშობლების, არა ჭკვიანი მშობლების. არა! ბედნიერი მშობლების.

ბედნიერებას ვერ ითამაშებ. მას ვერ მოიგონებ, ვერ გააყალბებ, ვერ მოიტყუებ. თუნდაც ძალიან კარგი მსახიობი იყო. რადგან ეს შინაგანი მდგომარეობაა. და ბავშვები, ისევე როგორც, მაგალითად ძაღლები და კატები, რომლებიც ჩვენთან ერთად ცხოვრობენ, ძალიან კარგად გრძნობენ ამ მდგომარეობას. ასევე იმასაც, როცა ის არ არის.

როცა მშობელი ხარ, გგონია, რომ ბევრი რამე შეგიძლია დამალო ბავშვისგან და გადაფარო სხვა „უკეთესი“ რაღაცეებით. ფიქრობ, რომ ის ვერ ამჩნევს, რომ არ ხარ კარგად, არ ხარ ბედნიერი, არ ხარ თავისუფალი. ფიქრობ, რომ ის ვერ ამჩნევს, როგორ გახრჩობს წყენა და ბრაზი, როგორ გიპყრობს სასოწარკვეთილება და როგორ გბოჭავს შენივე უსუსურობა. გგონია, რომ მატერიალური საგნებით, საჩუქრებით, გართობით, სიტუაციებით შეძლებ ამის გადაფარვას. მაგრამ ეს ყოველ ჯერზე განწირული ქმედებაა. ბავშვებს ყნოსვა აქვთ განვითარებული ბედნიერების მიმართ. ისინი მას სუნით გრძნობენ. ბავშვის ცნობიერება ხომ ჯერ ცარიელია, სუფთაა, არაა დაბინძურებული სოციალური განპირობებულობით, ამიტომ მისი ინტუიცია უფრო ძლიერია და ის თავისი სენსორებით გრძნობს ყველაფერს. უბრალოდ იცის და მორჩა.

რადგან ფიქრობს და წარმოიდგენს ტვინი. ხოლო გულმა უბრალოდ იცის და გრძნობს. რამდენი სიყვარული და სითბოც არ უნდა გამოხატოთ ბავშვის მიმართ, მან მაინც იცის ბედნიერი ხართ თუ არა. შეუცდომლად იცის.

ის ჯერ არ იცის ამას რა მნიშვნელობა აქვს, რადგან მას არ სჭირდება ბედნიერების იდენტიფიცირება, განსაზღვრება ან კიდევ მოპოვება. ის მას ისედაც აქვს, თანდაყოლილად, ბუნებრივად. ისევე როგორც საკუთარი თავის სიყვარული. უპირობოდ, მხოლოდ იმიტომ, რომ ის არსებობს.

შემდგომში უკვე წლების მერე ადამიანებს უწევთ მუშაობა თავის თავზე, რომ ამ მდგომარეობას დაუბრუნდნენ. რატომ? იმიტომ, რომ ის მარაგი, რაც თავიდან ჰქონდათ დაიცალა. ის ემოციური ბანკი, რომელიც თავიდან მხოლოდ დადებითი ემოციებით იყო შევსებული, ნელნელა ნულს მიუახლოვდა და მინუსებში გადავიდა.

პირველი სიგნალი, რომელიც მიანიშნებდა უბედურებაზე და არასრულყოფილებაზე ბავშვმა სწორედ მშობლებისგან მიიღო. მამისგან ან დედისგან ან ორივესგან.

როგორ ფიქრობთ რა სიგნალს გადასცემს მაგალითად, მამაკაცი, რომელსაც ცოლი არ უყვარს, მაგრამ მას არ შორდება და იჩენს საყვარელს? რა ენერგია გადის მისგან? ან რა ენერგიას გასცემს ქალი, რომელიც ქმარს გაშორებულია და თავის ცხოვრებას ბრძოლას და ტანჯვა-წვალებას ეძახის? ან თუნდაც ერთად იყვნენ მშობლები, თუ თავს ერთად უბედურად გრძნობენ, მათი ენერგოველი ამას გასცემს, რამდენადაც არ უნდა ეცადონ ამის შენიღბვას ბავშვის წინაშე.

ადამიანური ურთიერთობები ხომ მთლიანად ენერგიაზეა აგებული, ისევე, როგორც ყველაფერი სხვა სამყაროში. ეს ჩვენ არ ვიცით ენერგიის ვიბრაციის ენა, მასზე ვერც ვსაუბრობთ და ვერც ვკითხულობთ, თორემ ბავშვებმა ეს თანდაყოლილად იციან. მერე უბლაგვდებათ შეგრძნებები, რაც უფრო იზრდებიან, რადგან გარშემო რა მოდელსაც ხედავენ, იმის რეზონირებას აკეთებენ.  გარშემო ხომ ყველგან მხოლოდ რაციონალის, გონებრივი ინტელექტის, „ჭკუის“ წახალისება ხდება. „ვერ დაჭკვიანდი?!“, „ჭკუა არ გაქვს თავში?!“ „ამას რომ აკეთებდი, რაზე ფიქრობდი?!“, „რამეს რომ აკეთებ ტვინი უნდა დააყოლო!“ და ასე შემდეგ... აქცენტი სულ ტვინზე, გონებაზე, ჭკვიანობაზე ან შესაბამისად ჭკუის ნაკლებობაზე... არავინ არაფერს ამბობს ინტუიციის განვითარებაზე და გაძლიერებაზე, რაც უპირველესად გულისა და გონების ჰარმონიას გულისხმობს, რომელშიც გულის ინტელექტია წამყვანი. გულს თუ ინტელექტი ჰქონდა ისიც კი არ იცის ზრდასრულების უმრავლესობამ.

ამ მორევში მეც მოვყევი, უნდა ვაღიარო. მეც დიდი ხანი ვიყავი დედა, რომელიც არ არის ბედნიერი. ეხლა აღარ მიკვირს რატომ იყო ეს ასე. ჩემს ქვეცნობიერ პროგრამაში ამის მოდელირება და განმტკიცება მოხდა.

მაგრამ როდესაც რაღაც მომენტში, როდესაც მეც გაზრდილი ვიყავი, დედაჩემს უკვე ნაპოვნი ჰქონდა თავისი ბედნიერი ადგილი, მამასაც ალბათ, ოღონდ სხვაქვეყნად,  ჩემი შვილები კი თითქმის თინეიჯერები იყვნენ, უბრალოდ გავჩერდი და ვთქვი, რომ საკმარისია, ამას მეტად აღარ გავაგრძელებ, რომ მე უბრალოდ ვალდებული ვარ მოვნახო გზები, რომ გავხდე ბედნიერი, არა მარტო ჩემი თავისთვის, არამედ პირველ რიგში ჩემი შვილებისთვის - აი იქიდან უკვე ყველაფერი უკუღმა, სინამდვილეში კი წაღმა, დატრიალდა.

ბედნიერება ჩვენ ხშირად სიხარულში გვერევა. გვგონია, რომ ის ფეიერვერკივით უნდა აინთოს, აფეთქდეს და მერე დაიცალოს, ჩაქრეს.

ჩვენს რეალობაში დიდი ხანი მოდურიც კი იყო, რომ უბედური და დეპრესიული ყოფილიყავი. ბედნიერი როგორ იქნებოდი იმ „შავ-ბნელ“ წლებში, ეკონომიკური თუ სოციალური პრობლემების, პოლიტიკური კრიზისების, უქონლობის და გაჭირვების პერიოდში. ხალხს პურის ფული არ ჰქონდა და შენ რომ ბედნიერი ყოფილიყავი შენი სიცოცხლით, გიჟად შეგრაცხავდნენ. და ჩვენც მივეჩვიეთ, კარგად, ღრმად უჯრედების დონეზე გაგვიჯდა უბედურება და უსიყვარულობა.

ჰო, უსიყვარულობა, რადგან ბედნიერების წყარო არის სიყვარულში, რომელიც საკუთარი თავიდან იღებს სათავეს. რა კავშირშია ამასთან ქვეყნის პრობლემები? ანუ ბედნიერ ქვეყანაში დაბადებული ადამიანი ბედნიერი უნდა იყოს და პრობლემატურ ქვეყნებში დაბადებული არა?

თითქმის მეც დავიჯერე ეს დიდი ტყუილი, რომელსაც სისტემა გვთავაზობდა და ეხლაც ჯერ კიდევ არ გაუქმებულა ეს შემოთავაზება.

კინაღამ ბოლომდე გავხდი ამ პარადიგმის მსხვერპლი. კინაღამ დავიჯერე, რომ მაშინ მაქვს მხოლოდ შანსი რომ გავხდე ბედნიერი, როცა სისტემის ყველა მოთხოვნას დავაკმაყოფილებ: კარგად ვისწავლი, უმაღლესს წარჩინებით დავასრულებ, ხარისხებს მოვიპოვებ, კარგ სამსახურს ვიშოვი კარგი ხელფასით, დიდ კრედიტებს ავიღებ, ოჯახს შევქმნი, შვილებს გავაჩენ, კარიერას გავიკეთებ, წარმატებული ვიქნები...

მაგრამ რაღაცამ მიშველა. ვფიქრობ, ეს ჩემი ინტუიცია იყო. ვფიქრობ არა, ვიცი.

დღეს უკვე, როცა ჩემი ბედნიერებისთვის ბევრი ვიმუშავე, ის გავამყარე და დნმ-ის დონეზე ჩავნერგე ჩემი სხეულის და ტვინის უჯრედებში, უკვე თამამად შემიძლია ამაზე საუბარი, რადგან მას აღარაფერი ემუქრება. ის აღარასდროს გახდება რაიმე სხვა გარეშე პირობის შესრულების ან არ-შესრულების კრიტერიუმი. ის უბრალოდ არის და იქნება, სამუდამოდ ჩემი ნაწილი. აღარ არსებობს არანაირი ძალა, რომელიც ჩემს ბედნიერებას ჩემგან გააცალკევებს. აი ესე!

და მე გავხდი დედა, რომელიც არის ბედნიერი. ქალი, რომელიც არის ბედნიერი. შვილი, რომელიც არის ბედნიერი. და რა ეფექტიც ამან გამოიწვია ჩემს გარშემო უბრალოდ შეუფასებელია.

ყოველ ჯერზე როდესაც ახალ ადამიანთან ვიწყებ მუშაობას ქოუჩინგის ფორმატში, პირველი რასაც ვიკვლევ ეს არის მისი ბედნიერების ნიშნული 1-დან 10-ბალიან შკალაზე. მაღალ ნიშნულზე არიან მხოლოდ ისინი, ვისაც მაღალი აქვს საკუთარი თავის სიყვარული. შეუძლებელია ბედნიერი იყო, თუ საკუთარი თავი საკმარისად არ გიყვარს. და საკმარისად ნიშნავს 100%-ით. საკუთარი თავის სიყვარული ეს უნდა იყოს უპირობო მიმღებლობის, მადლიერების და სიხარულის სივრცე. როდესაც ეს სივრცე შევსებულია, ეს ნიშნავს, რომ თქვენ მიაგენით იმ უსასრულო წყაროს, საიდანაც არასოდეს დაილევა ნაკადი.

ბედნიერ ადამიანებს არა აქვთ პრობლემები? კი, როგორ არა აქვთ. შეიძლება იმაზე დიდი, ვიდრე არა-ბედნიერებს. მაგრამ ისინი არ განსაზღვრავენ თავისი ცხოვრების ხარისხს პრობლემების სიდიდის მიხედვით.

ისინი თავის სიცოცხლეს, ბედნიერ მოგზაურობას, საოცარ თავგადასავალს, ამოუწურავ სასწაულს უწოდებენ, ამის ფონზე კი რა პრობლემა გაძლებს დიდ ხანს? პრობლემები უბრალოდ უძლურნი ხდებიან ამხელა ძალის წინაშე.

ადრე მეც ბრძოლას ვუწოდებდი ჩემ ცხოვრებას და ისიც არ უშვებდა ხელიდან შესაძლებლობას, რომ მართლაც ბრძოლის ველად ექცია ჩემი რეალობა. და მეც ვიყავი ასე მეომარივით, ხმალამოღებული ვებრძოდი ჩემივე გამოგონილ დემონებს. სანამ არ დავნებდი, სანამ არ გავჩერდი, სანამ არ დავმშვიდდი და არ შევირგე, შევისუნთქე და შევივსე. ახლა არანაირი ბრძოლა აღარ მჭირდება. ჩემი იარაღი არის ჩემი მშვიდი, ღრმა და ყოვლისმომცველი ბედნიერება. და მას განმაიარაღებელი ეფექტი აქვს. ყველას და ყველაფრის მიმართ.

მიეცით თქვენს შვილებს ყველაზე დიდი ცხოვრებისეული საჩუქარი - თქვენი საკუთარი ბედნიერება. მათ არ სჭირდებათ თქვენი ფული, წარმატებები, ავტორიტეტი, სახლები და მანქანები. მათ არ სჭირდებათ მშობლები, რომელთაც ყველაფერი და - ყველაზე მთავარი - საკუთარი ცხოვრება გვერდზე აქვთ გადადებული და „მსხვერპლად ეწირებიან“ შვილების „ბედნიერებას“. მათ სჭირდებათ ბედნიერი დედა და ბედნიერი მამა. ერთად ან ცალ-ცალკე.

ჩაიხედეთ თქვენს გულში. ტვინში არა, პასუხები იქ არ არის. ყველაფერი დიდებული იწყება და მთავრდება გულში.

დამეთანხმებით ალბათ, ბედნიერება არის დიდებულება.

ჩემ შესახებ

ეკატერინე ჩიგოგიძე, ერიქსონის საერთაშორისო უნივერსიტეტის სერტიფიცირებული ქოუჩი, საავტორო პროგრამების ავტორი, ფინანსური და ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტი.

კონტაქტი

© EKATERINE, 2018. Developed by AMBER LTD