ეკატერინეEkaterine.geჩიგოგიძე

ბლოგი


კენშო vs სატორი - პიროვნული და სულიერი გამოღვიძების ორი გზა

კენშო vs სატორი - პიროვნული და სულიერი გამოღვიძების ორი გზა

ამ თემაზე სტატიის დაწერის ინსპირაცია მივიღე, როდესაც ვუყურებდი მაიკლ ბერნარდ ბექვითის ვიდეოს. ეს ადამიანი არის მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი მოაზროვნე და სულიერი ლიდერი,  “აღაპეს საერთაშორისო სულიერი ცენტრის“ დამფუძნებელი.

ის საუბრობდა პიროვნული და სულიერი გამოღვიძების ორი ტიპის გამოცდილებაზე, რომელსაც განასხვავებენ ბუდისტურ ტრადიციაში - ეს არის კენშო (ტკივილი) და სატორი (გაცნობიერება).

 

ამ კონცეფციის არსი მდგომარეობს შემდეგში:

ჩვენ შეგვიძლია ავირჩიოთ, რომ გავიზარდოთ ტკივილის საშუალებით.

ან ჩვენ შეგვიძლია გავიზარდოთ „ინსაიტის“ ანუ გაცნობიერების საშუალებით.

ტკივილი ან გაცნობიერება.

თითქოს მარტივად ჟღერს, არა?!

მაგრამ ორივე ეს ელემენტი თან დაგვყვება მთელი ცხოვრების განმავლობაში.

და ისინი გვეხმარებიან, რომ გავიზარდოთ და განვვითარდეთ პიროვნულად, სულიერად და ადამიანურად.  

 

ამ სტატიის წაკითხვისას მიაქციეთ ყურადღება და დაუსვით თქვენს თავს შეკითხვა: რა გზით ხდებოდა თქვენი ზრდა ბოლო პერიოდში, კენშოს თუ სატორის მეშვეობით?

როგორც ითქვა, კენშო ეს არის ზრდა ტკივილის საშუალებით.

ეს არის ის მომენტები, როდესაც ტკივილი შემოდის ჩვენს ცხოვრებაში, როგორც ნიშანი, რომ რაღაც უნდა შევცვალოთ.

 

მაგალითად:

  • შენ დაიწყე ბიზნესი.

მაგრამ ის მარცხით მთავრდება და უამრავ ფულს კარგავ.

ეს მტკივნეულია.

მაგრამ შენ აანალიზებ სიტუაციას და იმას, თუ რა გაკეთდა არასწორად და სწავლობ, როგორ მოიქცე ან არ მოიქცე შემდეგ ჯერზე, როდესაც გექნება ბიზნესის დაწყების მცდელობა.

 

  • შენ შეიძლება ძალზედ ამბიციური ხარ სამსახურში.

მაგრამ სტრესი გძლევს და შენ ავად ხდები.

ეს მტკივნეულია.

მაგრამ როდესაც გამოდიხარ მდგომარეობიდან, შენ დებ პირობას, რომ მეტ ყურადღებას მიაქცევ შენს ჯანმრთელობას.

 

  • შენ ურთიერთობაში ხარ.

მაგრამ ის მთავრდება.

ეს მტკივნეულია.

მაგრამ ეს გამოცდილება შენს გულს მეტ სიმტკიცეს ჰმატებს და შენ სწავლობ როგორ გიყვარდეს და დააფასო შენი თავი მეტად.

 

ეს არის ზრდა კენშოს ანუ ტკივილის  საშუალებით.

ასეთი გზით ზრდა ჩვეულებრივ ეტაპობრივი და ნელია.

ეს იმდენად ნელა შეიძლება მიმდინარეობდეს, რომ იმ მომენტში შეიძლება ვერც კი შეამჩნიოთ.

 

მაგრამ, რომ გთხოვოთ რომ დაფიქრდეთ, თუ ვინ იყავით სამი წლის წინ იმასთან შედარებით ვინ ხართ დღეს, თქვენ დაინახავთ, რომ სრულიად განსხვავებული ადამიანი ხართ.

რადგან კენშოს მომენტები, რამდენადაც ნელი და შეუმჩნეველი არ უნდა იყვნენ, ვითარდებიან გარკვეული დროის მანძილზე. 

 

ამავე დროს, არის მეორე გზა, რომლის გავლითაც ჩვენ ვიზრდებით.

ის გაცილებით უფრო სასიამოვნოა. მაგრამ გაცილებთ იშვიათად ხდება.

მას ეწოდება სატორი.

ეს არის ზრდა „ინსაიტის“ ანუ გაცნობიერების საშუალებით.

თითქოს ეს მომენტები შენთან მოდიან შემთხვევით.

ეს არის ის „აჰა!“ მომენტები, რომლებიც გვემართება, როდესაც რაღაც მიზეზით ჩვენში ხდება „click” ე.წ. „დაკლიკება“.

ეს შეიძლება იყოს იდეა, რომელიც პიროვნული განვითარების/ქოუჩინგის პროცესის დროს ჩაისახა.

რაღაცის გააზრება, რომელიც სემინარის ან პროგრამის დროს გაჩნდა.

ახალი სიბრძნე, რომელიც წიგნის წაკითხვის ან ფილმის ყურების შედეგად მოვიდა თქვენთან.

გაცნობიერება, რომელიც თვით-შეცნობის ან მედიტაციის პრაქტიკისას დაიბადა.

სატორი სასიამოვნოა.

მაგრამ, ყველაზე კარგი ის, არის, რომ სატორის გამოცდილების შემდეგ ხდება ჩვენი გადასვლა განვითარების უფრო მაღალ საფეხურზე და ის რაღაცეები, რაც ადრე გვაშინებდა, შორეულ მოგონებად რჩება.

ჩვენ ვიწყებთ არსებობას სრულიად განსხვავებულ დონეზე და გვეძლევა ძალა, რომ გაბედულად  და თავდაჯერებით მივიღოთ ახალი ცხოვრებისეული გამოწვევები (რომლებსაც მანამდე თავს ვარიდებდით).

 

პირადად ჩემთვის ამ ორი კონცეფციის ცოდნას სიღრმისეული ზეგავლენა ჰქონდა და აი რატომ:

 

სატორის იდეა დამეხმარა იმის გაცნობიერებაში, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მუდმივად ვზრუნავდეთ ჩვენს პიროვნულ ზრდაზე.

 სატორის მომენტები ხშირად არ ხდება.

მაგრამ, როდესაც ჩვენ ჩვენი პიროვნული განვითარების მიმართულებით ვიწყებთ სვლას, ჩვენ საუკეთესო პოზიციაში ვდგებით, რომ მივიღოთ ინსპირაცია ამ გზით.

და ცხოვრება იქცევა მოგზაურობად, რომლის დროსაც მუდმივად, უსასრულოდ ხდება „ინსაიტები“, ახალი გაცნობიერებები, ახალი იდეების შემოდინება.

 

კენშოს იდეამ, მეორეს მხრივ, სულ სხვა კუთხით დამანახა და განმაცდევინა მტკივნეული მომენტები ჩემს ცხოვრებაში.

‘ტკივილი’ აღარ არის ის რაღაც, რაც მაუბედურებს და მაფერხებს.

ამის ნაცვლად, ტკივილი გახდა ჩემთვის ინდიკატორი, რომ მე ვარ პიროვნული და სულიერი განვითარების ახალი საფეხურის შესასვლელში - რომ მე უნდა მოვძებნო კურსის შემცვლელი მიმართულება და ვიპოვო გზა, რომ ერთი საფეხურით მაღლა ავიწიო.

 

ასე რომ, როდესაც მომავალში მტკივნეული მომენტი დაგიდგებათ ცხოვრებაში, ჰკითხეთ თქვენს თავს: „რა ვისწავლე აქედან და როგორ შემიძლია გავიზარდო?“

და როდესაც ამას გააკეთებთ, თქვენ უცებ გააცნობიერებთ, რომ ტკივილი ეს არის სხვა არაფერი თუ არა სამყაროს მინიშნება, რომ მოვიდა დრო გადადგათ შემდეგი, შესაძლოა უჩვეულო და განსხვავებული ნაბიჯი ცხოვრებაში, რათა ის უფრო მაღალი ხარისხის გახდეს.

 

დავასრულებ ისევ იმ შეკითხვით, რითიც დავიწყეთ:

რა გზით ხდებოდა თქვენი პიროვნული და სულიერი ზრდა ბოლო პერიოდში, კენშოს თუ სატორის მეშვეობით?

როგორი იყო კენშოს (ტკივილის) მომენტები, რომელთაც მოგცეს ბიძგი ცვლილებისკენ?

როგორი იყო სატორის („ინსაიტის“) მომენტები, რომელთაც შეცვალეს თქვენი მსოფლმხედველობა და შეხედულება სამყაროზე?

 

თუ გაქვთ საინტერესო ისტორია, გთხოვთ გამიზიაროთ.

ჩემ შესახებ

ეკატერინე ჩიგოგიძე, ერიქსონის საერთაშორისო უნივერსიტეტის სერტიფიცირებული ქოუჩი, საავტორო პროგრამების ავტორი, ფინანსური და ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტი.

კონტაქტი

© EKATERINE, 2018. Developed by AMBER LTD