ეკატერინეEkaterine.geჩიგოგიძე

ბლოგი


სიყვარული 14 თებერვალს, მანამდე და მერე

სიყვარული 14 თებერვალს, მანამდე და მერე

 

მომინდა დავწერო სიყვარულზე.

14 თებერვლის გარშემო პერიოდში ხომ განსაკუთრებით იზრდება მის მიმართ ყურადღება .. იზრდება სიყვარულის სახელით ჩადენილი მოქმედებები, ნათქვამი სიტყვები, დაწერილი პოსტები, სიყვარულის სახელით შეუღლებები და განშორებები, გაყიდვები და ფასდაკლებები...

ვალენტინობის დღესასწაულთან დაკავშირებით განსაკუთრებული არაფერი მაქვს გასახსენებელი... ჯერჯერობით. ჩემი ცხოვრების 14 თებერვლებზე ხან იყვნენ „ვალენტინები“, ხან არა, მაგრამ ეს სტატია „ვალენტინებზე“ არაა, სიყვარულზეა...

რადგან ჩემი სიყვარულის ისტორია მიყვარს. ეხლა შემიყვარდა, სულ რამდენიმე ხანია..

მანამდე ყოველთვის მეგონა, რომ მაკლდა სიყვარული. ყოველთვის სხვისგან მინდოდა მისი მიღება. სხვანაირად არც ვიცოდი, რომ შეიძლებოდა. მეგონა ვიღაცას უნდა ჰყვარებოდი. დედას ან მამას, ან ბებიას ან ბაბუას, მეგობარს, შეყვარებულს ან ვინმეს. ანუ ვიღაცას გარედან უნდა მოეცა რაღაც, რაც მე შიგნიდან ამავსებდა სიყვარულის გრძნობით.

რომ ვთქვი მეგონა რომ მაკლდა-მეთქი, მეგონა, რადგან რამდენიმე ხანია, რაც სრული გადატრიალება მოხდა ჩემს დამოკიდებულებაში სიყვარულის მიმართ და ეხლა სხვანაირად მგონია.

ეხლა მგონია, რომ რაც არ უნდა უყვარდე სხვას, ის ვერასოდეს შეგავსებს იმ გრძნობით, რომლის წყაროც შენთითონ ხარ. არ ვიცი, რატომ დამაგვიანდა ასე, მაგრამ სულ რამდენიმე წელია, რაც აღმოვაჩინე და მივაგენი, რომ სიყვარული შიგნიდან არსებობს.. რაც შიგნით არა გაქვს, იმას გარედან ვერასოდეს მიიღებ. კი, იქნებიან სხვები, ვინც დაიფიცებენ შენს სიყვარულს, მაგრამ შენამდე ის მაინც არ მოვა. რადგან სიყვარული, ისევე როგორც ყველა სხვა გრძნობა და ემოცია ეს ვიბრაციაა, ეს ენერგეტიკული სიხშირეა. სიტყვა სიყვარული რომ არ არსებობდეს, მას როგორც ვიბრაციულ მდგომარეობას ისე აღვწერდით.  და სიყვარულის უნარი საერთოდ დამოკიდებულია იმაზე ამ ვიბრაციის, ამ ენერგიის შენს შიგნით გამომუშავება და შეგრძნება თუ შეგიძლია. მორჩა. სულ ეს არის. ამისთვის სხვა სულაც არ ყოფილა საჭირო.

სხვა საქმეა სტატუსები - single/couple/married/it’s complicated/და ა.შ. ამისთვის კი, საჭიროა სხვების მონაწილეობა ან არ მონაწილეობა.

ჩემ შემთხვევაში სხვების მონაწილეობა ჩემი სიყვარულის ისტორიაში ყოველთვის რაღაცნაირი იყო, რბილად რომ ვთქვა, არაადეკვატური.

სულ რაღაც ისე არ იყო ან მე მეჩვენებოდა რომ ისე არ იყო. პირდაპირ თუ არაპირდაპირ ამას სულ მამაჩემის წასვლას ვუკავშირებდი. საერთოდ ყველა უბედურებას ჩემ ცხოვრებაში მამაჩემის წასვლას ვუკავშირებდი. ვფიქრობ ამ მოვლენამ ბავშვობიდან იმხელა ნახვრეტი გააჩინა ჩემს მიერ სამყაროს აღქმაში, რომ დიდი ხანი მოვუნდი ამ სიცარიელის ამოვსებას. დიდი ხანი კი არა აქამდე ნაცხოვრები ცხოვრების უმეტესობა. სიყვარულის მიმართ რაღაცნაირი მტრული დამოკიდებულება გამიჩნდა.

ზუსტი პასუხი ამაზე არც ეხლა მაქვს, მაგრამ ალბათ მამაკაცებთან ჩემი ურთიერთობებიც ამ ცარიელ ნახვრეტში ხვდებოდა. როცა შიგნიდან სიცარიელით, კომპლექსებით, ნაკლოვანებებით და აგრესიით სავსე ვიყავი, ჩემს რეალობაში იყვნენ მამაკაცები, რომლებიც ძირითადად უფრო მიმძიმებდნენ მდგომარეობას. ეხლა ვხვდები რომ ეს კანონზომიერი იყო. ისიც კანონზომიერია, რომ როცა შინაგანი თავისუფლების გემო გავიგე, ჩემს შიგნით ავაყვავე ყვავილები, სიყვარულის არომატი გამოვიყვანე და სრული ჰარმონია მაქვს საკუთარ თავთან, მამაკაცებისთვის უფრო რთული გახდა ჩემთან მოახლოვება და ურთიერთობა. როგორც სამყაროს მიზიდულობის კანონი ამბობს,  მსგავსი იზიდავს მსგავსს.

ეხლა უკვე ვიცი, რომ ენერგიის დონეზე ხდება ეს ყველაფერი. სამყარომ ზუსტად იცის როდის შეგახვედრებს შენს ადამიანს. მთავარია შენ იცოდე ეს, ენდო პროცესს და არ ჩაერთო ურთიერთობაში, რომელიც ვიბრაციულ დონეზე არ არის შენი. ეხლა უკვე ბოლომდე ვენდობი ჩემს ინტუიციას და ჩემი ცნობიერების ხმას და ამიტომ ვიცი, რომ ის თითონ მიმანიშნებს და მეტყვის როცა მის ველში მოხვდება შესაბამისი ენერგია სხვა ადამიანის სახით.

აქამდე მეგონა, რომ სიყვარული რთულია, დიდი შრომაა, დიდი პასუხისმგებლობაა, რომ მოითხოვს მსხვერპლს და თავგანწირვას. კი, ეხლაც გარკვეულწილად ეს დამოკიდებულება მაქვს, უბრალოდ ეხლა ვიცი, რომ სიყვარული ძალიან ადვილია სწორ ადამიანთან. ყველაზე მაგარი გართობა და სიხარულია. ძალიან ძლიერი ინსპირატორი და დრაივის მომცემია.

ურთიერთობა რთულია, თუ ორი ადამიანი ერთმანეთზე დამოკიდებულია და ერთმანეთი სინამდვილეში კი არ უყვართ, რაღაცაში სჭირდებათ. და ისიც გავიგე ჩემი ცხოვრების მანძილზე, რომ ყველა ურთიერთობა, რომელსაც სიყვარულს ვუწოდებთ, სინამდვილეში სულაც არ არის სიყვარული. ამიტომ უნდა ვისწავლოთ შესაბამისი სახელების დარქმევა ყველაფერზე.

ისიც გავიგე, რომ სხვა შეიძლება გიჟდებოდეს ისე უყვარდე და მაინც არ გამოვიდეს. შეიძლება ორივე გიჟდებოდეთ ერთმანეთზე და მაინც არ გამოვიდეს. შეიძლება შენ გიჟდებოდე სხვაზე და მაინც არ გამოვიდეს.

ვფიქრობ მივაგენი ფორმულას, როდის შეიძლება გამოვიდეს სიყვარული: როცა ადამიანს თავისი თავი უყვარს, უპირობოდ, სიღრმისეულად და უკომპრომისოდ.

ყველანაირი სიყვარული იწყება და მთავრდება ამ სიყვარულით. ადამიანი, რომელსაც საკუთარი სიყვარული აქვს, წყვილშიც მოახერხებს სიყვარულის გაზიარებას და განხორციელებას. მაშინ ურთიერთობა იმუშავებს, მაშინ შედგება ძლიერი პარტნიორობა, ძლიერი ძალა.

ეს არის ის უდიდესი სიმართლე, რომელსაც არა მარტო მივაგენი, არამედ განვახორციელე კიდეც. და შედეგად უარი ვთქვი ყველაფერზე სხვაზე.

ადრე განშორებები და დასრულებები მკლავდა, ძალიან ცუდად მხდიდა, ძლივს გადამქონდა, იმაზეც კი ვიყავი ხოლმე თანახმა, რომ უკან დავბრუნებულიყავი იქ, საიდანაც მეთითონ გამოვიქეცი. 

მაგრამ მერე მივხვდი, რომ „to be loved like you've never been loved, you must love like you've never loved“ - რომ უყვარდე სხვას ისე, როგორც არასდროს, შენ უნდა გიყვარდეს ისე, როგორც არასდროს.

ამისთვის კი საჭიროა შეიყვარო თითოეული დღე, რომელიც შენთვის გამოყოფილია დედამიწაზე. საჭიროა აღფრთოვანებული იყო ყოველი ახალი დღის დასაწყისით და დასასრულით, მადლიერი იყო იმის, რისგანაც შედგება შენი აწმყო, პატივისცემით და მადლიერებით გააცილო წარსული და ბავშვივით დაელოდო მომავალს. საჭიროა გიყვარდეს შენი სხეული და მისი ყველა ნაწილი, შენი გონება და მისი ყველა კუთხე-კუნჭული, შენი გული და მისგან გამოსული ყველა გრძნობა, შენი სული და მისი ყველა განზომილება.

და ეს სიყვარული არ უნდა იყოს დამოკიდებული იმაზე, რამდენად ლამაზი და მოხდენილია შენი სხეული, რამდენად ინტელექტით გატენილია შენი ტვინი და რა დამსახურებები გაქვს ცხოვრებაში. პირიქით, უფრო ვნებიანად უნდა გიყვარდეს სხეული თუ ის არასრულყოფილია, უფრო ნაზად და სათუთად უნდა გიყვარდეს შენი გული თუ ის ბევრჯერ გატყდა. საოცარია, რაც უფრო მეტად გატეხილი გგონია შენი გული, მით უფრო მეტი სიძლიერით შეუძლია მას სიყვარული.

და მე მჯერა, რომ როცა ამ მდგომარეობას მიაღწევ, მაშინ მოხდება შეხვედრა გარედან. როცა შინაგანი რეალობა გაივსება სიყვარულით, სიამოვნებით, სიხარულით, გაცნობიერებით, მაღალი ვიბრაციებით, მაშინ მოხდება შესაფერისი შეხვედრა გარე რეალობაში.

ჩვენ ხომ მეორე ნახევარს არ ვეძებთ რეალურად. ჩვენ ხომ ერთი მთლიანობა ვართ.

დროა ამოვშალოთ ცნობიერებიდან მოძველებული სტერეოტიპები სიყვარულზე. სიყვარული ვერ იტანს ჩარჩოებს და მას არ სჭირდება ფორმალობები. მას სჭირდება მხოლოდ ერთი რამ - შესაბამისი ვიბრაციები.

ეს კი არცერთ მაღაზიაში არ იყიდება და არსად არ ისწავლება. ნუ წამოეგებით მარკეტინგის ხრიკებზე! თქვენ მხოლოდ ერთი რამ უნდა შეიძინოთ და შეისწავლოთ - საკუთარი თავის სიყვარული. დანარჩენი ყველაფერი, ბონუსები, საჩუქრები, სიურპრიზები, ამას მოყვება, უწყვეტ ნაკადად.

ადვილად შემოუშვით და გაუშვით სხვა ადამიანები. ნუ შეგეშინდებათ, მარტოობა არ არსებობს, იზოლაცია არ არსებობს. თქვენი ადამიანები ყოველთვის იპოვნიან თქვენთან მოსასვლელ გზას.

იმედია, მიხვდით მთავარი აზრი აქ რა არის, რომ თუ თქვენ თავს არასაკმარისად და არასრულყოფილად გრძნობთ, თქვენ მოიზიდავთ პარტნიორს, რომელიც ამ ენერგეტიკულ ვიბრაციას შეესაბამება. თუ ეს გინდათ, არჩევანი თქვენზეა.

როგორიც გინდათ, რომ იყოს თქვენი პარტნიორი, თავად უნდა გახდეთ ამის შესაფერისი. და ყველაზე კარგი დრო ამის გასაკეთებლად არის, როცა არ ხართ ურთიერთობაში. სიყვარული, რომელიც სხვისგან მოდის, იმისთვის არის, რომ  გააბევროს და გაამრავალფეროვნოს უკვე არსებული თქვენი სიყვარული. თუ ასე არ არის, თავს ნუ მოიტყუებთ.

თუ უკვე იპოვეთ ასეთი ადამიანი, მაგრად ჩაკიდეთ ხელი და არ გაუშვათ, ეს ნამდვილი საჩუქარია. ამასწინათ ტრეინინგს ვესწრებოდი, სადაც ცოლ-ქმარი ერთად დადიოდნენ. ყოველ ჯერზე, რომ დავინახავდი როგორ შემოდიოდნენ ხელ-ჩაკიდებულები, მინდოდა აღფრთოვანებით ტაში დამეკრა. ვფიქრობდი, აი ეს არის ფასეულობების თანხვედრის მაგალითი-თქო. როცა ორი ადამიანი იზიარებს საერთო ცხოვრებისეულ ხედვას, ამაზე ძლიერი არაფერია. ასე იქმნება მყარი საქმიანი და პირადი პარტნიორობა. ასე რომ, თუ ვნებას, ფიზიკურ მიზიდულობასა და ფასეულობებს შორის მოგიწევთ არჩევანის გაკეთება, ფასეულობები აირჩიეთ, მათ ვადა და სიმძაფრე არ გასდით.

თუმცა, როგორც გენებოთ.... მე უბრალოდ ჩემს გამოცდილებას გიზიარებთ. გნებავთ გაითვალისწინეთ, გნებავთ არა.

როცა საკუთარი თავით დაკავდებით, აღმოაჩენთ, რომ ის აქამდე არ გცნობიათ, იმდენი საინტერესო და გამოსაკვლევი რაღაც ყოფილა თქვენში. იმდენი რამე, რისთვისაც სიყვარულს იმსახურებთ.

და აპატიეთ თქვენ თავს ყველაფერი ის, რაც მანამდე მოხდა, სანამ თქვენი თავი შეგიყვარდებოდათ. ნამდვილი სიყვარულის ისტორია მხოლოდ ამის შემდეგ იწყება.

ამიტომ მიყვარს ჩემი სიყვარულის ისტორია, ასეთი მოცულობის და მასშტაბის ტრანსფორმაცია რომ მოხდა მასში. არცერთი წამი აღარ არის, რომ სიყვარულს არ ვგრძნობდე. არცერთი გულისფეთქვა აღარ არის, რომელიც ჩემს სისხლში ამ ვიბრაციას არ დაატრიალებს. ის ცარიელი ნახვრეტიც ბოლომდე ამოივსო.

თუ დროებით ეს შეგრძნება შეწყდა, ე.ი. საქმეში ტვინი ჩაერთო. ის ხომ ისტერიულად ცდილობს რაღაცისგან დაგვიცვას. უნდა გავუგოთ მას. და დავამშვიდოთ. გავაგებინოთ, რომ ყველაფერი კარგად გვაქვს და რომ სიყვარული არ გვაკლია, რომ საკმარისი ვართ საოცნებო სიყვარულისთვის, პარტნიორობისთვის, ჩვენი მიზნებისთვის და ოცნებებისთვის. თუ თავის ენაზე დაველაპარაკებით, ის გაიგებს და დაწყნარდება. მართალია სიყვარული სცდება ტვინის ინტელექტუალურ არეალს, მაგრამ ჩვენი გონება მაინც შეძლებს გახდეს ჩვენი მოკავშირე და მხარდამჭერი ასეთ არარაციონალურ საკითხშიც კი. სიყვარული მასაც სჭირდება, რომ ბედნიერების ნეიროტრანსმიტერები გამოიმუშავოს და სხეულში გადმოაფრქვიოს.

არ დაიჯეროთ, რომ ასაკი, ახალგაზრდობა, გამოცდილება ან გამოუცდელობა, სტატუსი, შვილები, შვილიშვილები, სილამაზე, არსილამაზე და ა.შ. შეიძლება სიყვარულისთვის იყოს ბარიერი. სიყვარულისთვის არ არსებობს არანაირი ბარიერი, არც დროის და არც სივრცის, არც ასაკის და არც მდგომარეობის.

ეს ბარიერები ადამიანის შექმნილია მხოლოდ. შეზღუდვები ჩვენს გონებაშია მხოლოდ.

 

რას გისურვებდით 14 თებერვალს, მანამდე და მერე?

14 თებერვალია თუ არა, რაიმე დღესასწაულია თუ არა, ყოველ დღე და გამუდმებით, იცეკვეთ თქვენი ცეკვა, იზეიმეთ თქვენი ცხოვრება ისეთი, როგორიც არის, იმისდა მიუხედავად არის თუ არა მასში ყველაფერი ისე, როგორც ისურვებდით. ისწავლეთ თქვენი თავის აღიარება და აღნიშვნა. გაანებივრეთ თქვენი თავი ისე, როგორც ეს გინდათ რომ გააკეთოს სხვამ.

იპოვეთ თქვენი მელოდია და რიტმი, თქვენი ტონალობა. ეფლირტავეთ და ესიყვარულეთ თქვენს ცხოვრებას. შესაფერისი პარტნიორი შესაფერის დროს შემოგიერთდებათ ცეკვაში, დროებით ან სამუდამოდ. უბრალოდ არ გაჩერდეთ მაშინაც, როცა მუსიკის ხმა შეწყდება. გააგრძელეთ ამქვეყნადაც და სხვაქვეყნადაც თქვენი სიყვარულის თქვენებურად კეთება.

ჩემ შესახებ

ეკატერინე ჩიგოგიძე, ერიქსონის საერთაშორისო უნივერსიტეტის სერტიფიცირებული ქოუჩი, საავტორო პროგრამების ავტორი, ფინანსური და ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტი.

კონტაქტი

© EKATERINE, 2018. Developed by AMBER LTD