ეკატერინეEkaterine.geჩიგოგიძე

ბლოგი


ახალი წელი

სტატია დაწერეო, მთხოვეს. ახალ წელზეო.

დავთანხმდი.

არადა, არ ვიყავი წერის ხასიათზე. მაინც გადავწყვიტე დავწერო და დავწერო მათთვის, ვინც არ არის ახალი წლის ხასიათზე. უფრო კარგად გავუგებთ ერთმანეთს.

ყველას გვემართება. გვემართება, რომ არ ვართ ხასიათზე. იმის ხასიათზეც არ ვართ, რაც გვიყვარს.

ახალი წელი ხომ გვიყვარს? ყოველ შემთხვევაში, ბავშვები რომ ვიყავით, ხომ გვიყვარდა?! არ მეგულება ბავშვი, ვისაც ახალი წელი არ უყვარს.

ჩვენს ფიზიკურ და მენტალურ ზრდა-განვითარებასთან ერთად ნელ-ნელა სიხარული და სიყვარული აკლდება ჩვენს ცხოვრებას, ნაცვლად იმისა, რომ პირიქით იყოს. ჩვენი ცხოვრება ისე „არ წავიდა“ ან „არ მიდის“ როგორც გვინდოდა.

და აი, ერთხელაც მოვიხედავთ საყოველთაო ორომტრიალის, აჩქარებული ტემპის, “მეინსტრიმ” ისტერიის ფონზე და დავინახავთ, რომ დადგა დღე, როცა ახალი წელი აღარ გვიხარია.

ვერც კი შევამჩნიეთ ეს როგორ მოხდა...

იმ დღეს სალონში ვიყავი და იქ სადღაც 50 წელს გადაცილებულმა ქალმა ისე ომახიანად თქვა: ვერ ვიტან ახალ წელსო, რომ მომერიდა მეკითხა რატომ-თქო.

ყველას თავისი მიზეზი აქვს, რატომ უყვარს ან არ უყვარს ახალი წელი. მე ცოტა ფანტაზიამ გამიტაცა და წარმოვიდგინე, რომ ის ქალი შეიძლება ერთ-ერთი ახალი წლის წინა დღეს შეყვარებულმა მიატოვა, ან რაიმე ფატალური დიაგნოზის შესახებ გაიგო, ან ვიღაცამ გაძარცვა ან დედა გარდაეცვალა ან მშობლებმა დასაჯეს პატარა რომ იყო ან ან ან... რამდენი რამე არ წარმოვიდგინე როგორც მიზეზი რატომ ჩამოუყალიბდა სიძულვილი ამ დღესასწაულის მიმართ.

არაფერი არ ვკითხე, უბრალოდ გულში, ჩუმად ვუსურვე, რომ მოეშორებინა ეს ნეგატიური შეგრძნება და წლევანდელი ახალი წელი იმდენად კარგად გაეტარებინა, რომ მომავალში ყოველთვის დადებითთან ყოფილიყო ასოცირებული.

და მაინც ფაქტი ფაქტად რჩება. მსოფლიო პროგრესის მიუხედევად, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი რჩება გაჭირვებაში, სიღარიბეში, უქონლობაში. ტენდენცია კი შემაშფოთებელია. წლიდან წლამდე უარესობისკენ მივდივართ? გლობალური სტატისტიკა იმაზე, რამდენად უხარიათ ადამიანებს ახალი წელი არ მაქვს, არც ლოკალური მაქვს, მაგრამ უბრალოდ ინტუიციურად ვიცი, ვგრძნობ, რომ ძალიან ბევრს არ უხარია დღესასწაულები, განსაკუთრებით ახალი წელი. კოლექტიური ინტელექტიდან მიღებული ინფორმაცია მეუბნება ამას.  ადამიანები დახუნძლულები არიან პრობლემებით, დატვირთული საქმეებით, დაავადებული სტრესებით და დაუძლურებული დაავადებებით. აღარ რჩებათ დრო და ადგილი ოცნებებისთვის, სურვილებისთვის, ზეიმისთვის, აღნიშვნისთვის.

კი, მაინც გაშლიან სუფრას 31 დეკემბერს, დადებენ ჩურჩხელას, მანდარინს, კანფეტებს და ხაჭაპურს... მაგრამ სიხარული და იმედი აღარ იქნება მათ სუფრაზე. სიღარიბე იქნება, სტრესი, იქნება, სიმწარე იქნება.

არადა, რამდენი თქმულებაა დაკავშირებული ახალ წელთან, გამოგონილი თუ ნამდვილი. როგორც შეხვდებიო, ისე გაატარებო...  დაგებედებაო... ესაო, ისაო.

მაგრამ ასე მგონია იმ ქალისთვის, სალონში რომ იყო, ამასაც აღარ აქვს მნიშვნელობა. მას სძულს ახალი წელი. ნეტავი ცხოვრება თუ უყვარს?

ასე მგონია, ცხოვრება ახალი წელივითაა. ყოველი დღე ახალივითაა. კი 31 დეკემბრიდან 1 იანვრამდე ერთი ღამეა, მაგრამ არის რაღაც ამ ღამეში ჯადოსნური, რომ თითქოს სხვანაირი დილა თენდება მეორე დღეს, თითქოს სხვანაირი ადამიანი ხდები შენც, თითქოს მართლა აქვს ახალი წლის ღამეს სურვილების ასრულების ძალა. თითქოს რასაც მთელი გულით და სულით ჩაიფიქრებ, ის მართლა ასრულდება. თითქოს რაღაც მართლა ხდება ისეთი კოსმოსში, რომ იღბლიანი ვარსკვლავები იჭერენ ადამიანების სურვილებს, თავისი სუპერ-კოსმიური ენერგიით ავსებენ მათ, შემდეგ კი უკან გამოუშვებენ ამ სურვილებს და ჰე! თუ დაიჭერ - შენია.

ამიტომ გაფაციცებული უნდა იყო, ეს ვარსკვლავები რომ შეამჩნიო ცაში უნდა იყურებოდე და გიხაროდეს, რადგან სიხარული ძლიერ სიგნალს უშვებს ატმოსფეროში და ამით იზიდავს თავის მსგავს სასიხარულო რამეებს.

ჩემი აზრით, თუ დაღვრემილი, იმედგაცრუებული, სასოწარკვეთილი და დაღლილ-გაუბედურებული ხარ, თუ არ გიყვარს ახალი წელი და არ ხარ ზეიმის ხასიათზე, ხვალინდელი დღეც იგივე იქნება, რაც წინა და იმის წინა. არაფერი შეიცვლება. ალბათ ჩემი მონათხრობის გმირი ქალიც ასეა, მიეჩვია, რომ არ უყვარს ახალი წელი.

როგორც გვეუბნებიან, თუ გინდა, რომ რაღაც შეიცვალოს, უნდა შეცვალო მის მიმართ დამოკიდებულება. ანუ შედეგი არ შეიცვლება, თუ ყოველთვის ერთსა და იმავეს გააკეთებ. თუ არ გინდა, რომ მომავალი ჰგავდეს წარსულს, რაღაც სხვანაირად უნდა გააკეთო. თუნდაც არ გინდოდეს, თუნდაც გეზარებოდეს. უნდა „ითამაშო“, უბრალოდ წარმოიდგინო თავი ბედნიერი ადამიანის ადგილას. როგორია მისი ახალი წელი? ბედნიერი ადამიანისთვის ყოველი დღე ახალი შესაძლებლობაა მეტი ბედნიერების და სიხარულის გაცემის და მიღებისთვის. ასე არ არის?!  

ახალი წელი კი განსაკუთრებული, ყველა სხვა დღესასწაულისგან გამორჩეული დღესასწაულია. რადგან ის ჯადოსნურია, ის ახალი ციკლის დაწყებას ნიშნავს, ის გაძლევს შანსს დაივიწყო და მოიშორო ძველი, არასაჭირო, უფუნქციო, იქნება ეს ნივთები, მოგონებები, ემოციები თუ ადამიანები - ყველაფერი შეგიძლია მოიშორო და განთავისუფლდე. ხელახლა დაიწყო საჭირო ნივთების, მოგონებების, ემოციების და ადამიანების შეგროვება და ამჯერად უფრო ჭკვიანურად, უფრო მგრძნობიარედ, მეტი სიბრძნით. შეგიძლია გააბევრო ბედნიერება, დასახო მიზნები წარმატებისთვის ბიზნესში, კარიერაში, საქმეში, ისურვო კეთილდღეობა და ბარაქა ახლობლებისთვის და მეგობრებისთვის, ისურვო სილამაზე და სიჯანსაღე, სულისა და ხორცისათვის.

და კიდევ რამდენი რამ! მაგრამ თუ არ ხარ ხასიათზე, მაშინ ალბათ მნიშვნელობაც არა აქვს... იყოს ისე როგორც იყო, უხასიათობა, უიმედობა, ცოტა დეპრესია, საბაბი წუწუნისთვის, საბაბი ცუდად ყოფნისთვის... იყოს, ესე იყო წინა წელსაც და იმის წინასაც. ეს უკვე ნაცნობია, ჩვეულია, ეს უკვე კომფორტის ზონაა.

არ ვამბობ იმას, რომ როცა ცხოვრების მძიმე პერიოდი გაქვს, მაინც ბედნიერად უნდა იგრძნო თავი. „უნდა“-თი ბედნიერება არ გამოდის. მხოლოდ „მინდა“-თი. ანუ მაშინ, როცა მე მინდა ვიყო ბედნიერი, მე მოვნახავ გზებს რომ ეს რეალურად განვახორციელო. ბედნიერება ეს არის არჩევანი და არა ვალდებულება.

არ ვამბობ, რომ როცა შენი სურვილები არ სრულდება, ჯანმრთელობა გაწუხებს, ვალები გაქვს, ფული არ გყოფნის, ოჯახი არ გყავს, პარტნიორი არ გყავს, შვილი არ გყავს, მეგობრები არ გყავს, თავს მიტოვებულად და უვარგისად გრძნობ, ფიქრობ, რომ არ ხარ საკმარისად განათლებული და იღბლიანი, რომ აისრულო ამბიციები, ამბიციებიც კი არ გაქვს, შენი სურვილები ძალადაკარგულია და დღეები გაფერმკრთალებული, მაშინაც ხელოვნურად უნდა ითამაშო ბედნიერის როლი. არა!

მე ვამბობ, რომ სწორედ მაშინ, როცა თავს უბედურად, უიღბლოდ, არასრულყოფილად, ღარიბად და მარტოხელად გრძნობ, შეგიძლია არჩევანი გააკეთო, რომ ეს მდგომარეობა დაასრულო, რომ ეს რეალობა აღარ გააგრძელო და შეწყვიტო იმით, რომ პრიორიტეტად დასახო ბედნიერება, სიმდიდრე, ჯანმრთელობა, სიყვარული, კეთილდღეობა და წარმატება. ანუ პრიორიტეტები რომ შეცვალო. ფოკუსი რომ შეცვალო, თუ რას აქცევ ყურადღებას, ამას ვამბობ.

რაც უფრო დიდი ხანი კონცენტრირდები იმაზე, რაც არ გაქვს, მით უფრო დიდი ხანი არ შემოვა სასურველი რაღაცეები შენ ცხოვრებაში.

ამიტომ მინდა დაფიქრდე, ჩართო შენი ულიმიტო წარმოსახვა და წარმოიდგინო, როგორია ის ახალი წელი, რომელსაც შენ ხვდები, როგორც ბედნიერი და წარმატებული ადამიანი?

შეგიძლია ეს აღარ გადადო და გააკეთო ამ ახალ წელს? ჰო, სწორედ მაგას ვამბობ: წინასწარ იგრძენი თავი ბედნიერად და წარმატებულად, შექმენი შენი შინაგანი მდგომარეობა და მისი შესაბამისი გარე რეალობა დალაგდება. გაიხსნება ისეთი არხები, რომელზეც ვერც კი იოცნებებდი, მოგეცემა ისეთი შესაძლებლობები, რომლებიც ვერც კი წარმოგედგინა.

და ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ, რომ ფოკუსი შეცვალე და გაასწორე პოზიტივზე, იმაზე, რაც გინდა, ნაცვლად იმისა, რაც არ გინდა. მარტივია არა?!

სტატიის დასაწყისში წერის ხასიათზე არ ვიყავი, ახლა კი ისეთ „მუღამში“ შევედი“ დამთავრება აღარ მინდა. ასეა, ახალი წელიც, ასეა ბედნიერებაც, ასეა ცხოვრებაც...

გილოცავთ!

ჩემ შესახებ

ეკატერინე ჩიგოგიძე, ერიქსონის საერთაშორისო უნივერსიტეტის სერტიფიცირებული ქოუჩი, საავტორო პროგრამების ავტორი, ფინანსური და ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტი.

კონტაქტი

© EKATERINE, 2018. Developed by AMBER LTD