ეკატერინეEkaterine.geჩიგოგიძე

ბლოგი


მე არ მჯერა არაფრის, რაც ძალდატანებით კეთდება

მე არ მჯერა ძალდატანებების.
არც სხეულის, არც გონების, არც ფიქრების, არც ემოციების მიმართ.
მე არ მჯერა ადამიანების, რომლებიც მუდმივად ძალის გამოყენებით ცდილობენ რაღაცის "დამარცხებას", რაღაც წინააღმდეგობის გადალახვას, იქნება ეს მათი საკუთარი სისუსტეები, ფიზიკური ნაკლოვანებები თუ გარეშე გამოწვევები.
მე არ მჯერა, რომ ძალდატანება არის "ბრძოლის"  საშუალება და თან ეფექტური.

კი, ის სწრაფად მოქმედებს, მაგრამ მალე იწურება.
კი, ის მანიპულაციის ხერხია, მაგრამ მალე "სკდება".
კი, ერთი შეხედვით, ის იძლევა შეგრძნებას, რომ მაგარი ხარ, მაგრამ დროთა განმავლოვაში დიდი სტრესის და პრესის ქვეშ გაქცევს და შიგნიდან განგრევს.
მერე კი უარეს სიცარიელეში გტოვებს, ვიდრე მანამდე იყავი.

არ მჯერა, რომ გონებაზე უნდა ვიძალადოთ და ვაფიქრებინოთ ის, რის მიმართაც წინააღმდეგობა აქვს. ეს რომც მოვახერხოთ ცნობიერ გონებასთან, ქვეცნობიერი არასოდეს დაგვეთანხმება. აქედან ჩნდება სწორედ შინაგანი კონფლიქტი, რაც ყველაზე დამანგრეველი ძალაა ადამიანის ცხოვრებაში. ვერცერთი გარეშე მტერი ვერ დაგიშავებს იმდენს, რამდენსაც შინაგანი.
წინააღმდეგობის ძალადობრივად გადალახვა მეტ წინააღმდეგობას წარმოშობს.
არ მჯერა, რომ სხეულზე უნდა ვიძალადოთ, ვაკეთებინოთ ის, რაც მას არ უნდა, მაგალითად, ვარჯიშები ქანცის გაწყვეტამდე, ვარბენინოთ, სიმძიმეები ვაწევინოთ და ვაშიმშილოთ.

არ მჯერა, რომ რამის მიმართ ძალადობის გამოყენებით გავიმარჯვებთ.

გონება არ დაგვემორჩილება, სხეული პროტესტს გამოგვიცხადებს. ორივე წინააღმდეგონას გაგვიწევენ, ჩვენს მტრებად გადაიქცევიან.
პერსონალური განვითარების სფეროში მოღვაწე ბევრი სპეციალისტი თუ ოსტატი სწორედ აქეთკენ მოგვიწოდებს, მაგრამ მე ამის არ მჯერა. არ მჯერა, რადგან ამას მოკლევადიანი ეფექტი აქვს, ჩვენგან დიდ ძალისხმევას და ენერგიას მოითხოვს და "დავალების" შესრულების მერე ისევ ჩვეულ ჩვენ თავს ვუბრუნდებით, ოღონდ ახლა უფრო ჩაშვებულად ვგრძნობთ თავს, რადგან რაღაც ბოლომდე ვერ გავქაჩეთ, ძალა გამოგვეცალა, "ლუზერები" გვგონია ჩვენი თავი, თვით-შეფასება გვივარდება, უფრო ვკომპლექსდებით და ვიკეტებით...
ვივარჯიშეთ, ვიშიმშილეთ, ვიდიეტეთ, დავიკელით, კუნთები დავიყენეთ, მიზნები ჩამოვწერეთ, მავნე ჩვევები გადავაგდეთ, თვით-დისციპლინა დავიწესეთ... ყველაფერი ვქენით, მაგრამ ჰოი საოცრება! პირველივე ემოციურ ტრიგერზე, სპირალური ტრიალით უკან წავედით, თითქოს უკან შეგვიწოვა "მანკიერმა მორევმა" და აჰა! ისევ იგივე ვართ, ამდენი შრომა წყალში ჩაგვეყარა, ისევ სიგარეტს მოვუკიდეთ და ისევ ზედმეტი ვჭამეთ...  
არც ჩვენს გარეთ მოქმედებს ძალდატანება ჩვენს სასარგებლოდ.. თუ მას გასაკეთებელი საქმეების ან სხვა ადამიანების მიმართ გამოვიყენებთ, ისინი გაგვიძალიანდებიან, არ წამოგვყვებიან, არ მოეწონებათ ჩვენთან ყოფნა..
არც ჩვენ მოგვეწონება ჩვენი სტრესის ფონზე შექმნილი ნამუშევარი და რეაქტიული კომუნიკაცია, მაგრამ ამას რომ მივხვდებით უკვე გვიან იქნება, უკვე გაფუჭებული იქნება საქმეც და ურთიერთობაც...

კი, მაგრამ, რა დაგვემართა, როგორი მოტივაციით დავიწყეთ და ნუთუ ასეთი სუსტები ვართ?!

თქვენი თავი ხომ არ ამოიცანით? გული არ გაიტეხოთ. მინდა გითხრათ, რომ სუსტი არ ხართ, წარუმატებელი არ ხართ, არაფერი არ გჭირთ. თქვენ რეალური ხართ, ნამდვილი ხართ და არა რაღაც გამოგონილი სუპერმენი ან სუპერვუმენი, რომელსაც „დასამარცხებელი დავალებების“ გრძელი სია აქვს, თანაც „დედლაინებით“.
თქვენ ხართ რეალური ადამიანი სუპერ-ძალებით, თუ ჩემი გვერდის მიმდევარი ხართ, ეს უკვე იცით, ხშირად გეუბნებით ხოლმე.
ოღონდ ამ სუპერ ძალების გასააქტიურებლად ძალდატანება არ გჭირდებათ, ცნობიერების გახსნა გჭირდებათ, ცოტათი, კიდევ ცოტათი, კიდევ ფართოდ, კიდევ, კიდევ და ასე სადამდეც გასწვდებით.

ისიც ხშირად მითქვამს, რომ ყველაზე ნაყოფიერი, ეფექტური და შედეგიანი არის ინსპირირებული ცხოვრება ანუ ცხოვრება, როდესაც შენი ფიქრი, ემოცია, მოქმედება ინსპირირებულია რაღაც უფრო მაღალი ძალის, მაღალი ძახილის, მაღალი განზომილებების შთაგონებით, ვიდრე ეს შეიძლება მიიღოთ თანამედროვე ფსევდო-გურუების, სუპერ შემსრულებლების, ტრენერების, ექსპერტების თუ სხვადასხვა ტიტულების მფლობელებისგან.
სამომხმარებლო საზოგადოება, რომელიც კონკურენციაზე, შედარებაზე, პრაქტიკულობაზეა დაფუძნებული არ და ვერ უზრუნველყოფს რეალურად მაღალ სტანდარტებს, რადგან ისინი დაბალ, მხოლოდ ფიზიკურ, გარეგნულ, ხელშესახებ კრიტერიუმებზეა აგებული - რასაც ხედავს თვალი და რაც ესმის ყურს. ანუ ძვირფასეულობები, ქონებები, სექსუალური ტანები, ბრენდული ტანსაცმელები და სქელი ჯიბეები - ეს ყველაფერი თუ მაღალი სტანდარტები გეგონათ, იმედი უნდა გაგიცრუოთ - ეს ასე არ არის!
თუ ინტელექტის მაღალი კოეფიციენტი, დიპლომები, ხარისხები და სერტიფიკატები გეგონათ წარმატების გარანტია, აქაც იმედი უნდა გაგიცრუოთ - ეს ასე არ არის!

უბრალოდ მარკეტერები ყველაზე კარგად იცნობენ ადამიანის ფსიქიკას და ზუსტად იმ წერტილებში გირტყამენ სადაც საჭიროა, რომ გაყიდინონ რაც შეიძლება მეტი და ხშირად. სწორი ნეირომარკეტინგი ყველაზე ეფექტურ ჰიპნოზს სჯობს, ისე გაგაკეთებინებენ ტრანზაქციას, აზრზეც ვერ მოხვალ. გაყიდინებენ "ბედნიერებას", "წარმატებას", "სტილს", "შარმს", "სილამაზეს" და კიდევ ბევრ რამეს, რაც შეფუთულია სწორედ ისე, რომ მოხვდეს ყველაზე ადვილად აღზნებად ემოციურ ღილაკებზე. გახსნი შეფუთვას და აღმოაჩენ, რომ ისევ "დაგოიმდი", ისევ ისეთი რაღაც იყიდე, რამაც ბედნიერება ვერ მოგიტანა. ან ძალიან ცოტა ხნით შეძლო შენი გახარება.

აბა რა ქმნის მაღალი დონის ცხოვრებას, თუ ამას მაღალი ფასის მქონე საგნები ვერ აკეთებენ?
სიმაღლეებთან ახლოს მიდიან მხოლოდ ისინი, ვინც შიგნიდან გარეთ ქმნიან ბედნიერებას, ვინც არა ლოგიკური, ანალიტიკური, რაციონალური გონებით ცდილობენ ცხოვრების წარმართვას, არამედ ისინი, ვინც ბუნებრივი, სამყაროსეული უნივერსალური კანონზომილებების საფუძველზე მიყვებიან სიცოცხლის ნაკადს - დაოს ანუ ცხოვრების გზას, როგორც ჩინელები მას უწოდებენ, ხსნიან თავის ყველაზე სირღმისეულ ქვე-ცნობიერ შრეებს აღქმისთვის და ინსპირაციისთვის.

და თუ ეს მოხდა, მაშინ ხდება სწორედ საოცრებები, მაშინ იწყება სუპერ-ძალების გადმოდინება, მაშინ თითონ გეუბნებათ სხეული როდის არის სირბილის, ვარჯიშის, გაწმენდის, დიეტის დრო. თითონ გეუბნებათ გონება, როდის არის მზად, რომ მიუახლოვდეს თავის არსებულ საზღვრებს, როდის არის მზად დაბრკოლებების გადასალახად და მათ ნაცვლად ახალი პარადიგმების ჩასატვირთად.
მაშინ გინათდებათ თავში და გულში სინათლე, რომელიც შიგნიდან ასხივებს და ყველანაირ აქსესუარებზე და მაკიაჟზე ლამაზია. ამის მაკიაჟს გარედან ვერც გაიკეთებ ძალიანაც რომ გინდოდეს.

ეს მხოლოდ შენ შეგიძლია, შენი თავი გაალამაზო, გააჯანსაღო, გააძლიერო შიგნიდან. მხოლოდ შენ შეგიძლია მონახო ის არხები, საიდანაც უწყვეტი ნაკადით მოედინება ინტუიცია. მხოლოდ შენ შეგიძლია შექმნა შენი ემოციური მდგომარეობები ან შეცვალო ისინი, რადგან სწორედ გრძნობებია ჩვენი სასაუბრო ენა სამყაროსთან და არა ფიქრები. აქამდე ფიქრები გეგონათ, არა?
არა! ფიქრები არ არის საიდუმლოს გასაღები. ფილმში "საიდუმლო" ეს საიდუმლო გამოტოვეს, არ გვითხრეს, რადგან "ფიქრების" და ლოგიკური აზროვნების კორექციის პროგრამები და ტექნიკები უფრო კარგად იყიდება. ამიტომ არის, რომ თუ გადახვალთ პიროვნული განვითარების უფრო მაღალ საფეხურებზე, მიხვდებით, რომ "პოზიტიური აზროვნება" ეს აისბერგის წვეტია მხოლოდ და მეტი არაფერი.  
ჩვენი ყოფიერების საფუძველი არის გრძნობები, რომლებიც ჩვენი ფიქრების მიერ გაჩენილი და გაზრდილი შვილებივითაა. ჩვენი ცნობიერების სიღრმე არის შინაგანი სიბრძნე, რომელიც არსად არ ისწავლება, რომელიც მხოლოდ ჩვენს შიგნით შეიძლება აკუმულირდეს და არ არის კავშირში იმასთან, რა ფორმალური განათლება გვაქვს მიღებული და რა პროფესიული გამოცდილება გვაქვს დაგროვილი.
ფიქრები ეს არის გონების ენა, ხოლო ემოციები ეს არის სხეულის ენა. ჩვენს პირად რეალობას ქმნიან ჩვენი გრძნობები და ჩვენი ფიქრები. მაგრამ გრძნობა ყოველთვის უფრო ძლიერი იყო, არის და იქნება ფიქრზე, ამიტომ შეეშვით ტვინის ჭყლეტვას, მოეშვით თქვენს გონებას. პასუხები იქ არ არის. პასუხები ცნობიერებაშია და ის გაცილებით მეტია, ვიდრე მხოლოდ გონება ან მხოლოდ სხეული. სანამ არ მიაგნებთ თქვენი ემოციური მდგომარეობის მიერ გამოცემული ენერგეტიკული ველის მართვის ფორმულას, ვერ მოხდება სასურველი მდგომარეობების მიღწევა, რამდენი ძალაც არ უნდა დაატანოთ.

ემოციები არის ჩვენი გრძნობებისგან შემდგარი ენერგოველის ანუ ვიბრაციული მდგომარეობის ე.წ. GPS სისტემა. თუ ამ სისტემას ჩიხში შეჰყავხართ, თუ გართულებული, დაბლოკილი და არასწორი გზებით გატარებთ, თუ არ მოგწონთ რა მიმართულებითაც მიდიხართ დანიშნულების ადგილამდე, შეცვალეთ მარშრუტი. ის თქვენი თავისუფალი არჩევანია და არა სავალდებულო უალტერნატივო გზა.  
მე არ მჯერა ჩვენი მენტალური, ემოციური, ფიზიკური და სულიერი ლიმიტების მიწოლის და ძალით განგრევის.
თქვენი ლიმიტები თავად დაიწყებენ ჩამოშლას თქვენ თვალწინ, დაშლას პატარა ნაწილებად და ამისთვის თითის განძრევაც არ დაგჭირდებათ,  მხოლოდ არჩევანის გაკეთება დაგჭირდებათ, ყოვლისმომცველი სიყვარული დაგჭირდებათ, უპირობო სიხარული დაგჭირდებათ და დაგჭირდებათ სხვები, "თქვენნაირები", რომლებიც მიგიღებენ ასეთს, არა ისეთს, როგორიც ყველაა, რაღაც სხვანაირს.

"თქვენიანებს" მაშინვე ამოიცნობით, როგორც კი დაინახავთ... რაღაც სხვანაირი არა-ჩვეულებრივი "მაკიაჟი" ექნებათ გაკეთებული.
მე არ მჯერა ძალდატანებების. მე მჯერა მხოლოდ თავისუფალი, ლაღი, სიმშვიდის, ნეტარების და მადლიერების ცეკვაში გართული სულის - ენერგიის, რომელიც განსხეულებულია ფიზიკურ სხეულში და რომლისთვისაც უბრალოდ არ არსებობს არც ლიმიტები, არც წინააღმდეგობები, არც ნაკლოვანებები, არც არასრულყოფილებები. მისთვის ყველაფერი ბედნიერებაა - ზედმეტი კილოგრამებიც და დაუმთავრებელი უნივერსიტეტებიც, "უიღბლო" ვარსკვლავებიც და სისუსტეებიც, არშემდგარი სიყვარულებიც და ერთჯერადი შეხვედრებიც, წარმატებებიც და წარუმატებლობებიც, გულისტკენებიც და იმედგაცრუებებიც, თქვენი გამთელებული და გაუმთელებელი ბზარებიც და მორჩენილი თუ მოურჩენილი ტკივილებიც.

მისთვის სულერთია. მისთვის თქვენ მთლიანი ხართ, სრულყოფილი ხართ, საყვარელი ხართ და ძვირფასი ხართ.  
მისთვის თქვენ არსებობთ მხოლოდ ერთი მთავარი პრიორიტეტით: რადიკალური თვით-სიყვარულით და თვით-მიმღებლობით. ეს ის ვერსიაა თქვენი სხვას რომ მსხვერპლად თავს არ გამოაყენებინებს და სხვისი მხრიდან უარყოფის და შეურაცხყოფის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ რომ გაშორდება, რადაც არ უნდა დაუჯდეს ეს. ეს ის ვერსიაა თქვენი, უპირობოდ რომ უყვარს თავისი თავი და მიუხედავად გარემოებებისა თავს რომ მდიდრულად, ჯანსაღად, მიმზიდველად და უნიკალურად გრძნობს.

ეს ის ვერსიაა თქვენი, თავად რომ შექმნა თავისი ხარისხის სტანდარტები წარმატების, მოტივაციის, მიზნების მიღწევის და მნიშვნელოვანი ზეგავლენის მოხდენისთვის და რომელიც მარტივად და მშვიდად აკეთებს ყველაზე რთულ ამოცანებსაც კი, არც თითონ ისტრესება და არც სხვას სტრესავს, და ეს ის ვერსიაა თქვენი, გარეშე სტიმულატორები რომ არ სჭირდება რომ თავი ნეტარებაში იგრძნოს.
ასე წარმომიდგენია, რომ მოცეკვავე სულს უბრალოდ გულიანად ეცინება და გელოდებათ როდის დაინახავთ თქვენი თავის ამ ვერსიას. ის ალბათ თავისთვის ფიქრობს: რამდენი რამე მოიგონეს ადამიანებმა იმისთვის, რომ თითონვე გაწვალდნენ? რამდენი ბარიერი დააწესეს, რომელთა გადალახვაზეც თითონვე თავს იკლავენ?

და ბოლოს სევდანარევი ღიმილით ალბათ იკითხავს: ნეტავ რამდენი დრო დასჭირდებათ კიდევ, სანამ წაყვებიან თავის ინტუიციას, ცეკვაში შემომიერთდებიან და ყველაფერი ადვილად გამოუვათ? ძალდატანებების გარეშე?

ადამიანების უმრავლესობას სულიერება თავისი ცხოვრების რაღაც რიტუალი ჰქონია და შაბათ-კვირისთვის აქვს გადადებული. მათ რომელიმე რელიგიურ ფიგურაზე აქვთ ის მიბმული და ღმერთი ჰგონიათ რომ უნდა იყოს ან ქრისტე ან ბუდა ან მუჰამედი ან კიდევ სხვა... მაგრამ თუ თავის თავში არ აღიარეს, რომ ადამიანი არის სულიერი არსება განსხეულებული ფიზიკურ სხეულში და არა პირიქით, რამდენი "ღმერთიც" არ უნდა ჰყავდეთ და რამდენ წირვასაც არ უნდა დაესწრონ, სულიერებას იქ ვერ იპოვიან.


მათ ჰგონიათ, რომ იმიტომ, რომ განსხვავებული შეხედულებები გვაქვს, ეს ნიშნავს სეპარაციას და განცალკევებას ერთმანეთისგან. მაგრამ ეს მხოლოდ ეგო-ს მიერ გამოგონილი ცნებაა. სეპარაცია არ არსებობს, ჩვენ ყველანი გაერთიანებულები ვართ უნივერსალური ენერგიით, რომლითაც გაჟღენთილია ყველა და ყველაფერი გალაქტიკაში. ჩვენს უჯრედებში ერთი და იგივე ცნობიერების წყაროს ნაწილაკებია.
სწორედ ეს გვაძლევს ჩვენ უდიდეს პასუხისმგებლობას და ამავე დროს ძალაუფლებას, რადგან ჩვენს პირად რეალობას გავლენა აქვს ყველაფერ სხვაზე, რაც ჩვენს გარშემოა. ის სივრცე, რომლითაც ავსებული ვართ შიგნიდან და გარედან ერთი მასალისგანაა შექმნილი, მასში ერთი ენერგიაა. ამ ენერგიას რაც ვუზამთ ეს ჩვენი არჩევანია, მას გარდავქმნით დადებით თუ უარყოფით ენერგიად ეს დამოკიდებულია ჩვენი ფიქრების და ემოციური მდგომარეობების ხარისხზე.

ჩვენ არ ვართ ერთი წვეთი ოკეანეში, არამედ ჩვენ ვართ ოკეანე ერთ წვეთში.
როგორ ალან ვოტსი, ცნობილი ამერიკელი ფილოსოფოსი ამბობდა:
"We’re living in a fluid universe, in which the art of faith is not in taking one’s stand, but in learning to swim"
"ჩვენ ვცხოვრობთ თხევად სამყაროში, რომელშიც რწმენის ხელოვნება არ არის პოზიციის ქონაში, არამედ იმაში, რომ ისწავლო ცურვა"

ეს იმას ნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, როგორია შენი ცხოვრებისეული პოზიციები რელიგიასთან, რწმენასთან, ბედნიერებასთან, წარმატებასთან თუ წარუმატებლობასთან მიმართებაში, შენ უნდა ისწავლო როგორ არ იყო ერთ შეუცვლელ პოზაში, არ იყო "გაყინული" ერთ აზრზე, არამედ ისწავლო ნავიგაცია ნაკადში, იყო მოქნილი და გქონდეს უნარი, რომ შეიცვალო აზრი და დამოკიდებულება. წყალს ხომ ვერ მოებღაუჭები?! როცა წყალში ხარ, რაც უფრო დაიძაბები, მით უფრო ჩაიძირები, უნდა მოეშვა, იგრძნო ტალღების რიტმი და მიჰყვე.
ის ასევე ამბობდა, რომ ცხოვრება ეს არის ცეკვა, მუდმივი ცვალებადობა სიტუაციების, მოვლენების, პარტნიორების, მდგომარეობების...
"The only way to make sense out of change is to plunge into it, move with it, and join the dance"
"ერთადერთი გზა, რომ გავიგოთ რა მნიშვნელობა აქვს ცვლილებას არის, რომ ჩავყვინთოთ მასში, ვიმოძრავოთ მასთან ერთად და შევუერთდეთ ცეკვას"

მე რომ მკითხო, თითოეულმა ჩვენთაგანმა უნდა მიაგნოს თავის საკუთარ მელოდიას, საკუთარ მუსიკას, საკუთარ რიტმს და იცეკვოს თავისი საკუთარი ცეკვა. პარტნიორები შემოგიერთდებიან. იცეკვე მათთან ერთად. თუ ისინი სიამოვნებას ვერ მიიღებენ შენი მელოდიით და რიტმით, გაუშვი ხელი. მათ მხოლოდ ეს ერთი ცეკვა იცეკვეს შენთან. გააგრძელეთ შენს საკუთარ რიტმში ცეკვა. სწორი პარტნიორი - ის, რომელიც ცხოვრების ცეკვისთვის არის განკუთვნილი - შემოგიერთდება და დარჩება შენთან ბოლომდე, მას მერეც, რაც შეწყდება მუსიკა.
და აქ მხოლოდ სასიყვარულო პარტნიორები არ იგულისხმება. იგულისხმება ყველა, ვინც დროებით ან მუდმივად გაიზიარებს შენს ცხოვრებისეულ გზას.

მაგრამ თუ ტვინი სულ ჩართული გაქვს, თუ სულ პრობლემებზე ფიქრობ, ათასი ხმა ერთად გელაპარაკება, სტრესის და ნერვიულობის ქვეშ ხარ, სიჩუმის და საკუთარ თავთან განმარტოვების მომენტი არასდროს გაქვს, როგორ გაიგებ მუსიკის ხმას?! როგორ აყვები რიტმს? როგორ იცეკვებ?

ჩემი საყვარელი ეკჰარტ ტოლეც ამას ამბობს: "ცხოვრება არის მოცეკვავე და შენ ხარ ცეკვა".

ცხოვრება აგყვება იმ მელოდიაზე, რომელსაც შენ ასრულებ შენი სიცოცხლით, შენი მისიით.

შენთითონ თუ გესმის საკუთარი მუსიკა?

 

ჩემ შესახებ

ეკატერინე ჩიგოგიძე, ერიქსონის საერთაშორისო უნივერსიტეტის სერტიფიცირებული ქოუჩი, საავტორო პროგრამების ავტორი, ფინანსური და ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტი.

კონტაქტი

© EKATERINE, 2018. Developed by AMBER LTD