ეკატერინეEkaterine.geჩიგოგიძე

ბლოგი


ოჯახის წევრები როგორც საჩუქრები სამყაროსგან

თუ ჩვენ გვჯერა, რომ სამყარო არსებობს გარკვეული მაღალი მიზნებისთვის, მაშინ მისგან ნაჩუქარი საჩუქრებიც ასევე უნდა მივიღოთ, როგორც გარკვეული მაღალი მიზნის მქონე. გამოწვევა ხანდახან ის არის, რომ ამ მიზანს ერთი შეხედვით ვერ ვხედავთ. განსაკუთრებით დიდი ეს გამოწვევა შეიძლება გახდეს, როცა საქმე ჩვენს ყველაზე ახლო რეალობას ეხება. ხანდახან საჭიროა შორიდან შევხედოთ ამ რეალობას, რომ დავინახოთ ის, რასაც ახლოდან ვერ ვხედავდით.

ოჯახი და ოჯახის წევრები ჩვენს ცხოვრებაში წარმოადგენენ ჩვენი პირადი, ყველაზე ახლო რეალობის ნაწილს. ისინი შეიძლება პიროვნული განსხვავებების საოცარ მიქსს ქმნიდნენ. მიუხედევად იმისა, რომ ერთი ოჯახის წევრებს აქვთ პოტენციალი, რომ ჰქონდეთ მსგავსი თვისებები და დამოკიდებულებები, მათი გამოხატვის გზები ცალსახად განსხვავდება ერთმანეთისგან. დაქორწინების და შვილების ყოლის შემდეგ, ეს განსხვავებები კიდევ უფრო იზრდება. ჩვენს ოჯახურ წრეში შეიძლება ისეთი ადამიანებიც შედიოდნენ, რომლებთანაც არც კი ვისურვებდით კავშირის ქონას, მაგრამ ასეთი შემთხვევების საკომპენსაციოდ არსებობენ სწორედ მეგობრები.

თუ ჩვენ გვჯერა, რომ სამყაროს ყველაფრისთვის რაღაც მაღალი მიზანი აქვს, მაშინ უნდა დავიჯეროთ, რომ ასეთივე მიზეზით არიან ჩვენს ცხოვრებაში ჩვენი ოჯახის წევრები.  ზოგ შემთხვევაში ამ მიზეზების დანახვა და დაფასება ადვილია, მაგრამ არის შემთხვევები, როცა ეს საკმაოდ რთულია. ასეთ დროს, ჩვენ შეგვიძლია ყურადღება მივაქციოთ იმას თუ რა შეგვიძლია ვისწავლოთ ან ვასწავლოთ ამ სიტუაციებში.

თანამედროვე მსოფლიო მოითხოვს, რომ ყველა ეძებდეს თავის ინდივიდუალობას. ეს ტენდენცია უკვე საქართველოშიც ვრცელდება, მიუხედავად იმ ღრმადგამჯდარი საგვარეულო ტრადიციებისა და წესებისა რაც აქ არის მიღებული. ადამიანები იწყებენ დამოუკიდებლობისთვის სწრაფვას უკვე ადრეულ ასაკში და აცნობიერებენ თავისუფლების ფასს. მაგრამ მაშინაც კი თუ ჩვენ წარმატებით მოვახერხეთ ჩვენი თავისუფალი და დამოუკიდებელი სამყაროს აშენება, რომელშიც სხვისი დახმარება აღარ გვჭირდება, ჩვენი ოჯახები მაინც დაკავშირებულები რჩებიან ჩვენთან. და ეს კარგია, როდესაც კავშირი პატივისცემას და დაფასებას ემყარება. ეს ჩვენ ზურგს გვიმაგრებს, უსაფრთხოების შეგრძნებას გვაძლევს და ენერგეტიკულად გვავსებს სიყვარულით და სიხარულით.

ჩვენი ოჯახები გვეხმარებიან დავინახოთ საიდან მოვდივართ და უფრო მკაფიოდ გადავწყვიტოთ საით გვინდა წასვლა. თუ ჩვენ ვისწავლით ჩვენი ოჯახების მიღებას ისეთების, როგორებიც არიან, მაშინ ჩვენ გავძლიერდებით, გავხდებით შეიარაღებულები და გვექნება უნარი გავუმკლავდეთ ყველას და ყველაფერს. ზოგიერთი ოჯახი უფრო კარგად ამზადებს ადამიანს ცხოვრებისთვის, ზოგიერთი ნაკლებად. ის, რასაც ჩვენ ჩვენი ოჯახებისგან ვსწავლობთ, ხდება ჩვენი იდენტობის საფუძველი. რამდენად ბედნიერი, მყარი, წარმატებაზე და სიმდიდრეზე ორიენტირებულია ეს იდენტობა მაშინვე გამოჩნდება, როგორც კი მარტო შევაბიჯებთ სამყაროში და თვალს გავუსწორებთ ჩვენს რეალობას.

მაგრამ რა ხდება, როცა ჩვენი ოჯახი ‘გატეხილი’ და ‘დისფუნქციურია’? რა ხდება მაშინ, როცა ოჯახში ბევრი ნეგატივი, სიძულვილი, ურთიერთდაპირისპირება და არასწორი კომუნიკაციაა, რომლის მოგვარებაც შეუძლებელი ჩანს? თუ ამჟამად ასეთი მდგომარეობა გაქვთ ოჯახში, შესაძლებელია საქმე ‘ოჯახურ კარმასთან’ გქონდეთ. კარმა არ ნიშნავს განსაზღვრულ ბედისწერას ან დაწყევლას ან რამე ცუდს ან კარგს. თავისი დეფინიციით ეს უბრალოდ ნიშნავს "სულიერ გაკვეთილებს, რომლებიც ცხოვრების განმავლობაში უნდა იქნეს ნასწავლი“. ოჯახთან კი ბევრი სულიერი გაკვეთილი გვაკავშირებს. სანამ ეს გაკვეთილები არ იქნება კარგად ნასწავლი და გაცნობიერებული, ‘ცუდი კარმა’ მანამ გაგრძელდება.

ოჯახური ურთიერთობები შეიძლება ყველაზე რთულ ურთიერთობებს წარმოადგენდნენ თქვენს ცხოვრებაში. შესაძლოა სხვა სფეროებში, როგორიცაა ჯანმრთელობა, ცოდნა და კომპეტენცია, სიუხვე, კრეატიულობა, სამეგობრო და ა.შ. ძალიან წარმატებული იყოთ, მაგრამ ‘საგვარეულო კარმამ’ მაინც მოახერხოს თქვენი დასუსტება და დამარცხება. ბევრ ჩვენგანს აქვს პირადი გამოცდილება, რას ნიშნავს ოჯახის ნეგატიურ წევრებთან ურთიერთობა, როგორი გამოწვევა  შეიძლება ეს იყოს და როგორ შეუძლია ამით გამოწვეულ სტრესს და კონფლიქტს თქვენი ზრდასრული დამოუკიდებელი პიროვნებიდან პატარა შეშინებულ და დაუცველ ბავშვად გადაქცევა. ძველი ჭრილობების გახსნა და იქიდან სისხლდენა ხანდახან ერთმა სატელეფონო ზარმაც ან ერთმა მოგონებამაც კი შეიძლება გამოიწვიოს. და რამხელა გონებრივ-ემოციური ანუ ენერგეტიკული რესურსი იხარჯება ამ ყველაფერში?!

გამოსავალი ყველასთვის ინდივიდუალურია. ვიღაც საბოლოოდ გაქცევას და კავშირების შეწყვეტას ირჩევს; ზოგი აგრძელებს ურთიერთობის გამოსწორების მცდელობებს; ზოგი სრულ იგნორირებას უკეთებს არსებულ სიტუაციას, მაგრამ ამით ემოციური ბლოკები ჩნდება, რაც სერიოზულ უარყოფით შედეგებს იწვევს; ზოგი კი, ახდენს პიროვნულ გარღვევას, ტრანსფორმაციას და დგამს ყველაზე სასარგებლო და სწორ ნაბიჯს - ნაბიჯს პატიებისკენ. უარყოფასა და მიმღებლობას შორის ჩვენ შეგვიძლია არჩევანი მიმღებლობაზე გავაკეთოთ და მაშინ - და მხოლოდ მაშინ - მოხდება ჩვენი ‘გამოჯანმრთელება’ საგვარეულო, სოციალურ, ემოციურ დონეზე. ეს კი პირდაპირ აისახება ჩვენს ფიზიკურ რეალობაზე. მიმღებლობა არ ნიშნავს იმას, რომ უნდა მოგვწონდეს და ვეთანხმებოდეთ. ეს უბრალოდ არის აღიარება, რომ ჩვენ დაკავშირებულები ვართ და მზად ვართ პატივი ვცეთ ამ კავშირს, რადგან ვიცით, რომ მას გარკვეული მაღალი მიზანი აქვს, მოგვწონს ეს ჩვენ თუ არა. როდესაც ჩვენ მიმღებლობით ვხვდებით ყველაფერს რაც ამ კავშირს მოაქვს ჩვენს ცხოვრებისეულ გამოცდილებაში, ჩვენ გვეძლევა საშუალება ვიყოთ მადლიერები ყველა იმ გაკვეთილისთვის, რაც ამ ‘რთული’ ადამიანებისგან ვისწავლეთ და კიდევ უნდა ვისწავლოთ, რადგან სწორედ მათი საშუალებით მივიღეთ სამყაროს საჩუქრები და შანსი, რომ ამ საჩუქრების საშუალებით უკეთესები გავმხდარიყავით.   

ჩემ შესახებ

ეკატერინე ჩიგოგიძე, ერიქსონის საერთაშორისო უნივერსიტეტის სერტიფიცირებული ქოუჩი, საავტორო პროგრამების ავტორი, ფინანსური და ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტი.

კონტაქტი

© EKATERINE, 2018. Developed by AMBER LTD