ეკატერინეEkaterine.geჩიგოგიძე

ბლოგი


რატომ არ მუშაობს დიეტები?

რატომ არ მუშაობს დიეტები და რატომ არის ფიზიკური ფორმა გონებრივი და ემოციური მუშაობის შედეგი?

 

ლამაზი სხეული, მოხდენილი ფიგურა, ბრტყელი მუცელი, ჩამოსხმული ფეხები, კრიალა კანი, მბზინავი თმა, მბრწყინავი თვალები - ამ ეპითეტებზე ალბათ უმრავლესობა ჩვენთაგანს, ქალებს, რომელიმე მსახიობი ან ტოპმოდელი წარმოგვიდგა და გაგვიელვა აზრმა, რომ ჩვენ ასეთი ვერასოდეს ვიქნებით. მამრობითი სქესის დიდ ნაწილს კი რომ სთხოვო წარმოიდგინონ მიმზიდველი, სპორტული აღნაგობის მქონე მამაკაცი, წარმოიდგენენ ვიღაც სხვას, მაგრამ არა თავის თავს.

საკითხავია - რატომ?

ბევრი ადამიანისთვის ფიზიკური ფორმა, კერძოდ კი წონა პრობლემატურ საკითხს წარმოადგენს და, როგორც წესი, პრობლემა არასასურველი ზედმეტი წონის დაკლება-მოცილებას ეხება. უთვალავი სხვადასხვანაირი მცდელობა, საათები გატარებული სავარჯიშო დარბაზში თუ სახლის სარბენ ბილიკზე, ასეთი დიეტა, ისეთი დიეტა, დიეტა ორშაბათიდან, შიმშილი და ა.შ., დასასრული არ უჩანს იმ მეთოდებს, რითიც, როგორც ვიცით, შესაძლებელია სასურველი ფიზიკური ფორმის მიღება.

მაგრამ რატომღაც დიეტები და ვარჯიშები არც ისე წარმატებით მუშაობს.

საკითხავია - რატომ?

ბევრი ჩვენგანი წონას ებრძვის. და როგორც წესი, ამაოდ, რადგან როგორ კი შეწყვეტს ძალისხმევას, დაკლებული კილოგრამები სასწაულებრივად უკან ბრუნდებიან.

რატომ არ მუშაობს წონასთან ბრძოლა?

პარადოქსულად, სწორედ ამიტომ - ბრძოლა არ მუშაობს! სულერთია რის მიმართ ვაწარმოებთ მას, წონის, პრობლემის, ურთიერთობის თუ ზოგადად ნებისმიერი რეალობის მიმართ. ბრძოლის ანუ იგივე ომის რეჟიმი უბრალოდ არ მუშაობს, მითუმეტეს როდესაც მას ჩვენივე თავის წინააღმდეგ ვაცხადებთ.

იმისთვის, რომ მდგრადი ცვლილება მოვახდინოთ, ნებისმიერ რამეში, იმას კი არ უნდა ვებრძოლოთ რაც უკვე დამდგარია, როგორც შედეგი, არამედ უნდა გამოვიკვლიოთ რა არის ამ პრობლემის ძირეული მიზეზები ანუ ფესვები და შევქმნათ ახალი, განსხვავებული მოდელი, სადაც იქნება ისეთი პირობები, რომ ძველმა მიზეზებმა ვეღარ შეძლონ ფესვების გადგმა.

რამდენიც არ უნდა ვივარჯიშოთ, ვიდიეტოთ, ვირბინოთ, ვიშიმშილოთ - შედეგი არ იქნება მდგრადი და გრძელვადიანი მაშინ, როცა ამას ვაკეთებთ ბრძოლის რეჟიმში.

წარმოგიდგენთ ძირითად მიზეზებს თუ რატომ არ იძლევა წონასთან ბრძოლა შედეგს და რატომ არ მუშაობს დიეტები. აქვე გთავაზობთ ხედვას ამ პრობლემის არატრადიციული, მაგრამ მდგრადი გზით გადაჭრისთვის:

  1. თქვენ უბედური, უკმაყოფილო და მუდმივად ცუდ ხასიათზე ხართ როცა დიეტაზე ხართ. ორგანიზმი არასოდეს არ წამოგყვებათ სასურველი მიმართულებით თუ მას ემოციურ შიმშილში და ნეგატივში ჩააგდებთ. თუ უარს ამბობთ სიცოცხლის ერთ-ერთ მთავარ საჭიროებაზე, რომელიც ამავდროულად არის სიამოვნების მიღების და დაკმაყოფილების საშუალება, როგორიც არის ჯანსაღი და სასიცოცხლო ენერგიის მქონე საკვები, კარგად ვერ იქნებით. თუ არ შეჭამთ იმას, რაც გიყვართ, იქნება ეს ტკბილეული, ნაყინი, ცომეული თუ სხვა ე.წ. ‘გამასუქებელი’ საკვები, ემოციურად დაბალ სიხშირეზე იქნებით, თან ეს მუდმივ ფონად გაგყვებად ისე, რომ ერთი შეხედვით უმიზეზოდ გაღიზიანდებით ან სასოწარკვეთილებაში ჩავარდებით. სწორი კვება უნდა იქცეს ცხოვრების წესად და არა დროებით ექსპერიმენტად. ეს მხოლოდ თქვენმა ორგანიზმმა იცის რა არის მისთვის ‘გამასუქებელი’ და რა არა. მაგალითად, მე მთელი ცხოვრებაა ვამტკიცებ, რომ შოკოლადი არ მასუქებს. მას დიდი რაოდენობით მივირთმევ, თან არა შავს, არამედ პირიქით, ყველაზე მსუყეს და მრავალფეროვანს და ვფიქრობ ეს მტკიცებულება ჩემთვის სინამდვილე გახდა.

გულწრფელობა ამ საკითხში ძალიან მნიშვნელოვანია. თუ სხვის წინაშე არ გვინდა ამის გაკეთება, ჩვენ თავთან მაინც აუცილებლად უნდა ვაღიაროთ როგორია ჩვენი კვების სტილი: მართლა მაშინ ვჭამთ, როცა ორგანიზმს ფიზიოლოგიურად შია თუ მაშინ, როცა ემოციურ შიმშილს განვიცდით. საკვები ერთერთი ყველაზე სწრაფი საშუალებაა, რომ ჩავახშოთ ემოციები, რომლებიც რაღაცის ნაკლებობისგან წარმოიშვნენ. შევჭამთ და გვგონია დავკმაყოფილდით, არადა, ვჭამეთ მხოლოდ იმიტომ, რომ თავს დათრგუნულად, მარტო და მოწყენილად ვგრძნობდით. ხშირად ბავშვები, რომელთაც მშობლების მხრიდან სიყვარული და ყურადღება აკლიათ, კვების საშუალებით აკეთებენ ამის კომპენსირებას და შედეგად იღებენ ზედმეტ წონას, რომელსაც მერე მთელი ცხოვრება ებრძვიან.

რა ასაკისაც არ უნდა ვიყოთ, ჩვენ უნდა ჩავიხედოთ ჩვენს შიგნით, დავუკავშირდეთ ჩვენს შინაგან ბავშვს, რომელიც ყოველთვის ცოცხალია ჩვენში და მისგან გავიგოთ თუ რა არის ის ნამდვილი ძირეული მიზეზები, რის გამოც ჩვენ ვგრძნობთ ემოციურ შიმშილს, რომლის ჩახშობასაც საკვებით ვცდილობთ. ხშირად ეს არის არასრულფასოვნების განცდა, რომ შენ არ ხარ საკმარისად კარგი, საკმარისად ლამაზი, საკმარისად მაღალი, საკმარისად ჭკვიანი, განათლებული, იღბლიანი და ა.შ. ეს ყოველთვის დაკავშირებულია რაღაცის ნაკლებობასთან, რომლის კულტივირებაც ჩვენთითონ მოვახდინეთ და რაც არ წარმოადგენს სინამდვილეს. ყველა ადამიანი კარგია, საკმარისია, სრულყოფილია ისეთი როგორიც არის თავის ნაკლოვანებებით და არასრულყოფილებებით.

როდესაც ჩვენს შინაგან ბავშვთან ერთად ვიპოვით, გავაცნობიერებთ და მოვიშორებთ ნაკლოვანების მდგომარეობის გამომწვევ მიზეზებს, ჩვენ შევძლებთ ერთხელ და სამუდამოდ გავთავისუფლდეთ ემოციური შიმშილისგან, მოვაწესრიგოთ ჩვენი ნივთიერებათა ცვლის სისტემა, შევუშვათ ჩვენს ორგანიზმში მხოლოდ სასიცოცხლო ენერგიის მქონე ჯანსაღი საკვები და შედეგად მივიღოთ სასურველი, მოხდენილი ფიგურა და კმაყოფილების და სრულყოფილების განცდა.

  1. ფიზიკური აქტივობის ან ვარჯიშის დროს თქვენ არასწორი ფოკუსი გაქვთ. ანუ სამიზნე ზონა არასწორად გაქვთ არჩეული და ამიტომ იქ ვერ იკლებთ, სადაც გინდათ დაკლება. ამისთვის საჭიროა დამოუკიდებლად ან სპეციალისტის დახმარებით მოიპოვოთ ინფორმაცია და იცოდეთ რომელი აქტივობა რომელ ზონას უმიზნებს. სრულებით არ არის საჭირო საათობით დამტანჯველი ვარჯიშების კეთება, შესაძლოა სულ რაღაც 15-20 წუთი იყოთ აქტიური დღეში, მთავარია, რამდენად ინტენსიური და მიზანმიმართულია ეს აქტივობა.

ასევე მნიშვნელოვანია სხეულის რელაქსაციის ანუ მოშვებულობის მომენტები და რაც უფრო ხანგრძლივია ეს დრო მით უკეთესი, ოღონდ ეს უნდა იყოს გაცნობიერებული რელაქსაცია/მედიტაციური მდგომარეობა, რომლისთვისაც არსებობს არაჩვეულებრივი სიტყვა ინგლისურად “mindfulness“ ანუ mindfulness-ის - გაცნობიერებულობის მდგომარეობა, როდესაც გონებას და სხეულს ათავისუფლებთ ყოველგვარი სტრესისგან და ზეწოლისგან და უბრალოდ ხართ, ისეთი როგორიც ხართ, იქ, სადაც ხართ, თქვენი სასურველი თუ არასასურველი კილოგრამებით და ფორმებით და აკვირდებით თქვენს ფიქრებს როგორც დამკვირვებელი ან საერთოდ აცარიელებთ გონებას ფიქრისგან.

  1. მესამე და ყველაზე მნიშვნელოვანი! ყველა დიეტაზე და ვარჯიშზე მთავარი და ის, რითიც უნდა დავიწყოთ გარეგნული ფიზიკური ფორმის კორექცია და გალამაზება - სპეციალურად ამით ვამთავრებ, რომ კარგად დაგამახსოვრდეთ.

უპირველესი მედიუმი ანუ საშუალება, რითიც მიიღებთ სასურველ შედეგს წონის/გარეგნული ფორმის თუ სილამაზის მხრივ, რაც არ უნდა წინააღმდეგობრივად მოგეჩვენოთ, არ არის არც-ერთი გარეგანი ხერხი თუ მეთოდი - ეს არის შინაგანი სამუშაო, რომელიც გონებაში იწყება. გონებიდან გამომდინარე კი ეს არის თქვენი ემოციური მდგომარეობა, რომელიც შემდეგ წარმოშობს ბიძგს მოქმედებისკენ.

სწორედ თქვენი გონებაა, სადაც არის სილამაზის სალონი, საამქრო, სპა, ფიტნეს დარბაზი თუ პლასტიკური ქირურგიის საოპერაციო ოთახი. და ეს არ არის თქვენი ცნობიერი ანუ რაციონალური გონება. არა, თქვენ ფიქრობთ, რომ თუ რაციონალურად გადაწყვიტეთ წონის დაკლება ან კორექცია, თქვენ ამას მართლა მიაღწევთ. მიაღწევთ კი, ოღონდ, მხოლოდ ერთადერთ შემთხვევაში, როდესაც თქვენი ქვეცნობიერი პროგრამა დაეთანხმება და შესაბამისობაში მოვა თქვენს ცნობიერ გადაწყვეტილებასთან. სხვანაირად, რამდენიც არ უნდა იწვალოთ და მიზნად დაისახოთ, ეს არ მოხდება. უბრალოდ აცდენა იქნება თქვენს მოაზროვნე ტვინსა და ყველაფრის-მმართველ დაპროგრამებულ ქვეცნობიერს შორის.

საქმე იმაშია, რომ ჩვენს ქვეცნობიერ გონებაში დროთა განმავლობაში ყალიბდება პროგრამა-ფაილი ყველა გამოცდილებისთვის, რაც კი ოდესმე განგვიცდია. მოცემული თემის შემთხვევაში, პროგრამაში მოხვდა ყველა მცდელობა, წარმატებული თუ წარუმატებელი, რომელიც წონის კლების/სხეულის კორექციის მიზნით თქვენ გქონიათ, პლიუს ყველა ის თვით-კრიტიკული და თვით-გამანადგურებელი ფიქრი თუ ვერბალური გამონათქვამი, რომელიც თქვენი თავის მიმართ გაგიკეთებიათ - ერთად შეგროვებული! წარმოიდგინეთ, თქვენს ქვეცნობიერს წარუმატებელი „ლუზერი“ ჰგონიხართ, უკვე იმდენჯერ გაკიცხეთ და განიკითხეთ თქვენი თავი!

ამიტომ არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, რომ:

1. აპატიოთ თქვენ თავს, რომ აქამდე ვერ შეძელით სასურველი ფიზიკური ფორმის მიღწევა და წონის დაკლება. არაუშავს.

2. კარგად გაიაზროთ და მიიღოთ ერთხელ და სამუდამოდ გადაწყვეტილება: მართლა თქვენ ხართ ის, ვისაც უნდა ამ ‘ზედმეტი’ კილოგრამების მოშორება თუ საზოგადოებრივი და გლობალური მასკულტურის, მასმედიის ან თქვენი გარშემომყოფების და ახლობლების ზეგავლენის ქვეშ მოექეცით? თუ თქვენი წონა თქვენი ჯანმრთელობისთვის საზიანო შედეგებს იწვევს, მაშინ, რა თქმა უნდა, უნდა მიხედოთ და დაარეგულიროთ. მაგრამ თუ ეს ასე არ არის და უბრალოდ იდეალური მოდელის ან სპორტსმენის პარამეტრებში ვერ ჯდებით, ამის გამო რატომ უნდა დაისაჯოთ თავი?! სრულყოფილი სხეულის იმიჯები ძალიან ლამაზია, მაგრამ ის სხვისია, თქვენ თქვენი სხეული გაქვთ, რომლის მსგავსიც სხვა არ არსებობს და დროა ისწავლოთ მისი უპირობოდ შეყვარება და მოვლა.

ალბათ კითხულობთ რა ვქნათ, როგორ გადავაყენოთ ქვეცნობიერი პროგრამა, როგორ განვაახლოთ ფაილი, რომ მან ხელი შეგვიწყოს მივიღოთ სანატრელი ფიზიკური ფორმა უმტკივნეულოდ და თავისუფლად? ამისთვის საჭიროა რომ ქვეცნობიერ გონებას მივაწოდოთ ახალი პროგრამა ფაილისთვის, ახალი ვიზუალური, ვერბალური და ნეირომასალა, რომლითაც მოხდება ძველის და ჩვეულის ჩანაცვლება. თქვენს გონებას უნდა მოეწონოს და შეუყვარდეს ის თქვენი სასურველი ვიზუალური იმიჯი და მას უნდა მისცეს „ვიზირება“, ესე ვთქვათ. ეს შესაძლებელია მშვიდ, მოშვებულ და სტრესისგან თავისუფალ მდგომარეობაში მენტალური ვიზუალიზაციის გზით, რასაც თან ერთვის ემოციური ასოციაციებიც. ანუ გონების თვალმა უნდა „დაგინახოთ“ დისოციაციურად ანუ გარედან (მთელს სიგრძე-სიგანეზე) და ასევე უნდა იგრძნოს ის, რასაც თქვენ იგრძნობთ, როდესაც თქვენთვის სანატრელ იდეალურ სხეულში იქნებით.

არასასურველიდან ანუ ზედმეტი წონიდან და არასრულყოფილი ფორმებიდან ფოკუსი უნდა გადაიტანოთ სასურველზე, მხოლოდ ისეთი უნდა წარმოიდგინოთ თქვენი თავი როგორიც გინდათ რომ იყოთ და უნდა შეწყვიტოთ იმაზე ფიქრი, როგორიც არ გინდათ რომ იყოთ. წარმოსახვა თავისუფალია შეზღუდვებისგან, ყველა დეტალი ისე შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, როგორც გსურთ - გაიხსენეთ ამ სტატიის პირველი აბზაცი

შექმნილი მენტალური მასალა განმეორებით და თანმიმდევრულად უნდა მიეწოდოს ოპერაციულ სისტემას იმისთვის, რომ ის მისთვის გახდეს მისაღები, ნაცნობი და ასევე სანატრელი. საუკეთესო და, მე ვიტყოდი, ერთადერთი გზა ამისთვის არის მედიტაცია. ეს შეიძლება იყოს მეგზურის დახმარებით ანუ როდესაც სხვა ადამიანი, მაგ. ქოუჩი მიგიძღვით ამ პროცესში ან შესაძლებელია თვით-მედიტაცია, როდესაც თქვენ მიუძღვებით თქვენ თავს. მედიტაცია შეიძლება იყოს ხანგრძლივი ან სულ რაღაც 5-10 წუთიანი, ამას არა აქვს მნიშვნელობა. მთავარია ქვეცნობიერ გონებაში ჩაიტვირთოს ახალი ვიდეო და აუდიო პროგრამა. ვიდეო ანუ თქვენი წარმოდგენით შექმნილი ვიზუალი და აუდიო ანუ თქვენი გახმოვანებით და ემოციით გაცოცხლებული იმიჯი.

აი, რატომ არ მუშაობდა აქამდე თქვენი დიეტები და მცდელობები. მაგრამ ამ ყველაფერში ყველაზე სასიხარულო და კარგი ის არის, რომ ეფექტური მექანიზმის ამუშავება 100%-ით თქვენს ხელშია, სრულიად უფასოა და რაც მთავარია შეგიძლიათ დაიწყოთ ახლავე, მომენტალურად, ყველანაირი 'ორშაბათების' გარეშე.

გისურვებთ წარმატებას და იმედი მაქვს მალე გავიგებ თქვენი სასწაულებრივი შედეგების შესახებ.

არ დაგავიწყდეთ მთავარი - რომ შეიყვაროთ თქვენი თავი და ტანი სულ უფრო და უფრო მეტად და მადლობა გადაუხადოთ ყოველ დღე, მიზეზების და პირობების გარეშე!

ჩემ შესახებ

ეკატერინე ჩიგოგიძე, ერიქსონის საერთაშორისო უნივერსიტეტის სერტიფიცირებული ქოუჩი, საავტორო პროგრამების ავტორი, ფინანსური და ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტი.

კონტაქტი

© EKATERINE, 2018. Developed by AMBER LTD