ეკატერინეEkaterine.geჩიგოგიძე

ბლოგი


Invisible უხილავი

როგორ რჩები უხილავი? როგორ ახერხებ, რომ არ გამოჩნდე - ზედმეტად?

 

ჩნდები მხოლოდ იმ დოზით და იმ ზომით, რაც კომფორტულია - შენთვის და შენი აზრით სხვებისთვის.

ისე ხარ, ესე ვთქვათ, ცოტა და ცოტათი, ზედმეტი რომ არ მოგივიდეს. საკუთარ ცრუ ილუზიაში ებმები, რომ „აკონტროლებ“ დოზებს - სად, ვისთან, რამდენჯერ, რამდენად ხმამაღლა და ახლოს გამოჩნდები და მიახლოვდები.

დამალვა უფრო ადვილია, არა?! ხარ შენთვის უხილავი. არავის ერჩი, არავინ გერჩის. არავის აწუხებ, არავინ გაწუხებს. არავინ ‘ტვინს არ გიჭამს’, არავის ‘ტვინს არ უჭამ’. არავინ გავალდებულებს ზედმეტად (მხოლოდ job description-ის ფარგლებში), არავის ავალდებულებ. არავინ არაფერს გთხოვს, არავის არაფერს თხოვ. არც პასუხს, არც აზრს, არც მხარდაჭერას... არავინ გულს არ გტკენს, არავის გულს არ ტკენ. მშვენიერი უსაფრთხოების სისტემაა!

უბრალოდ ამასობაში დაგავიწყდა როგორია როცა გულში იხუტებ, მხარს უჭერ, პასუხისმგებლობას იღებ, სხვის ტკივილს და სიხარულს იზიარებ. დაგავიწყდა, გაგიხუნდა, გაგინულდა გრძნობები და იმპულსები. სიგნალი ჩახშული გაქვს. ისე, რომ არც შენი გამოჩენა იყოს შესამჩნევი და შენც არ დაინახო სხვები გარშემო. ახლოს თუ მოვიდნენ, კიდევ უფრო აძლიერებ თავდაცვით მექანიზმს, სხვა მხარეს იხედები, ვითომ ვერ ხედავ ან საერთოდ თავს ჩარგავ ისე, რომ შენი უკანალის გარდა დედამიწის ქერქს ზემოთ არაფერი იყოს ხილული.

მოკლედ რომ ვთქვათ, ‘ხარ შენთვის’.

რომ დავიწყოთ ფენების მოცილება, იმ მომენტის გახსენებაც კი გაგიჭირდება როცა ეს „უჩინმაჩინის“ ქუდი დაიხურე და გაუჩინარდი. ბავშვობაში? სკოლაში? უფრო ადრე? სულ პატარაობაში?

წარსულის რომელიღაც წერტილში რაღაც მოხდა. კი, ხასიათიც არის, გენეტიკაც, გარემოც - ყველაფერი მოქმედებს, მაგრამ რაღაცამ უფრო ძლიერად იმოქმედა, ვიდრე ყველაფერმა სხვამ - და იქიდან დაიწყო კიდეც უხილაობა, უსიტყვობა, დამალვის სურვილი, გაუჩინარება, რაღაც დაიკარგა - სილაღე? სითავისუფლე? ხმა? გამართული დგომა? წელში გასწორებული სიარული?

რაღაც მოხდა და მოიხარე შენ. კი მოიხარე. თავი, თვალები, ხერხემალი, სხეული დახარე. გეტკინა და იმიტომ. გეტკინა კი, ძალიან. ერთხელ არა. იყო რამდენჯერმე. და ისწავლე როგორ იყო უხილავი. რომ კიდევ არ გეტკინოს. ისწავლე როგორ იყო ‘ფეხებზე მკიდია’ რომ კიდევ არ შეგეხოს.

მაინც შეგეხო. კი ისევ შეგეხო. მაგრამ უხილავზე და მოხრილზე ნაკლებად მტკივნეულია.

შეხვედრებზე ჩუმად ხარ, ზედმეტი ენთუზიაზმით არ აწუხებ უფროსობას. თუ დაგავალებენ და გკითხავენ, პირნათლად ასრულებ. თუ არა, ხარ შენთვის - ჩუმად.

ურთიერთობებში ცდილობ ‘გრილი’ ტემპერატურა დაიჭირო. უფრო ცივისკენ, რამე რომ იყოს, რომ ადვილად გაქრე. სიცხემ არ შეგიშალოს ხელი და არ მიგიზიდოს, არ გაგახვიოს ცეცხლის ალში. ცდილობ არ დასველდე, მშრალად შეინარჩუნო თავი, რომ შენგან კვალიც არ დარჩეს. ესე ხარ მეგობრებთან, ნაცნობებთან, შეყვარებულებთან, საქმიან პარტნიორებთანაც კი.

გასქელდა ამასობაში კანიც და ნაჭუჭიც. გაცვდა აღქმა. გემო დაეკარგა ემოციებს, ერთად ყოფნას, საჭმელს.

ოთახში რომ შედიხარ ვეღარც კი ამჩნევ საკუთარ თავს, აბა სხვები როგორღა შეგამჩნევენ. არა და იცი, კი გულის სიღრმეში იცი, რომ იმაზე მეტი ხარ, ვიდრე ხარ. მეტიც არ არის საჭირო. ის უნდა გამოაჩინო, ვინც ხარ. ზედ-ნადებების გარეშე. ნიღბების გარეშე. როლების გარეშე. პოზიციების და სტატუსების გარეშე. შენ როგორი ხარ დაგვენახე, გაგვაგონე შენი მომაჯადოვებელი ხმა. გამოასხივე ელექტრომაგნიტური ტალღები და გვაგრძნობინე როგორია შენი ენერგია.

გამოუშვი ეს ამდენი ხნის ჩატენილი სათქმელი და დაკონსერვებული ემოციები.

სკოლაში ზედმეტი ყურადღების შიშით, უხერხული ფიზიოლოგიის თუ კომუნიკაციის კომპლექსების გამო ‘კამუფლაჟი’ გაიკეთე, კლასის მასხარად იქეცი ან ‘ცუდ გოგოდ/ბიჭად’ ან ‘ხუთოსნად’.

მერე სტუდენტობა - იქაც არ ბრწყინავდი, ისე რა საშუალოდ, ჩვეულებრივად. იქ არ ჩააბარე, სადაც სინამდვილეში გინდოდა. ამიტომ ვნებაც ნაკლები იყო. და უვნებოდ გაბრწყინება არ გამოდის. ამ ნათებისთვის მაღალი სიხშირის ენერგიაა საჭირო - ნაპერწკალი, რომელიც აალდება.

რუმი ამბობს „ცეცხლი წაუკიდე შენს ცხოვრებას. ეძიე ისინი, ვინც შენს ალს გააღვივებს“

ოცნებები იცოცხლე კი, უამრავი გაქვს. ხან მარსზე მიფრინავ და ხან ვენერადან გზავნილებს იღებ. ხან მალდივების თეთრ ქვიშაში გორაობ და ხან რომელიმე ცათამბჯენის ბოლო სართულზე რომანტიულ ვახშამს მიირთმევ გაპრანჭული და გაპრიალებული. ხან მულტიმილიონერი ხარ და შენი ბიზნესი გაქვს, ხან ბესტსელერის ავტორი ხარ, რომელიც 40 ენაზე ითარგმნა...

ოცნებები ოცნებებად, რეალობა კი უცვლელია. წინსვლა არ ხდება. მოძრაობა ანუ ‘დვიჟენიები’ კი კაცო იცოცხლე, რამდენიც გინდა. სულ გადარბენებზე და საქმეებში, მაგრამ რეალური, ხელშესახები, გაზომვადი პროგრესი არ ხდება. ან არ ჩანს. ისევე როგორც შენ.

თავს მეოცნებეს უწოდებ და არა შემოქმედს. მხოლოდ სიზმრებში და არარეალურ სამყაროებში გაქვს გაცოცხლებული ოცნებები. რეალობას კი აკრიტიკებ, არ და ვერ ეგუები, გაურბიხარ და თან ვერ გაურბიხარ. მაინც ამ ქვაბში იხარშები, რასაც ყოფა ქვია. ყოფა-ცხოვრება - რომელსაც, შეიძლება ითქვას, სანიმუშო ყოფა-ქცევით მიუყვები. არაფერს ‘ცუდს’ არ სჩადიხარ. ‘სწორად’ ცხოვრობ. მაგრამ რატომღაც არ ხარ ბედნიერი. არ ხარ თავისუფალი. არ ხარ რეალიზებული. არ ხარ გაცხელებული, როგორც ხურო თავის საამქროში.

შესაძლებლობები მოდის. კი მოდის. ადამიანების, სიტუაციების, მოვლენების სახით. მაგრამ...

მაგრამ გეზარება და გეშინია ნაბიჯის გადადგმა უცნობ ზონაში. რასაც მიჩვეული ხარ, იმის კეთება გირჩევნია. არ გინდა გამოკვლევა, ძიება და პოვნა, კითხვები და პასუხები, ზედმეტი ‘თავის ტკივილი’... ტურბულენტობა არ გიყვარს, გადახვევები არ გიყვარს, უსწორმასწორო გზები, გზებზე ბლოკები, წვიმაში დასველება და გრძნობების აღიარება არ გიყვარს.

‘ხარ შენთვის’ - არც ქმნი და არც არ ქმნი. გამოიმუშავებ საარსებო მინიმუმზე ცოტათი მეტს, ხელფასიდან ხელფასამდე რომ გეყოს. მოგწონს ფუფუნების საგნები, მაგრამ მხოლოდ შორიდან. მოგწონს გენიალური ადამიანების მოღვაწეობა, მაგრამ მხოლოდ შორიდან. გაჩხერილი ხარ სადღაც საშუალოობაში, უფერულობაში, ერთსა და იმავეში. არც ეძებ გამოსვლას. მგონი სურვილიც აღარ გაქვს. ხარ ესე ჩუმად და უხილავად, არც შენი ხმა ისმის და არც შენი მოქმედებები ჩანს.

როდისმე იზამ რამეს - კი. როდისმე, როგორმე, სადმე სხვაგან. აქ არა. სხვაგან, სადაც არ ხარ.

როდისმე ამოიღებ ხმას და გამოჩნდები. გაგიმყარდება ხერხემალი და გაგიძლიერდება მხრები, რომ საკუთარი თავიც და სხვებიც აწიო. აწიო და გაქაჩო. არ მიაგდო შენი თავი, როგორც აქამდე გყავდა მიგდებული: უ-ფერული, უ-აზრო, უ-ემოციო. არ მიაგდრო სხვა ადამიანები შუა გზაში, არ გადახვიდე ერთი საქმიდან მეორეზე, ბოლომდე მიყვანის გარეშე, არ ეძებო ყურადღების გადამტანები - მოწევა, დალევა, სექსი, ნარკოტიკები, ფულზე თამაშები და ა.შ.

არაუშავს, არაფერია, უხილაობა კრიმინალი ნამდვილად არ არის. ადამიანის მიერ შედგენილ არცერთ კოდექსში არ არის რომელიმე მუხლი, რომლის მიხედვითაც ამისთვის გაგასამართლებენ და დაგსჯიან.

მაგრამ არის ერთი, დაუწერელი კოდექსი - კოსმიური და სამყაროსეული. განუზომელი და მოუხელთებელი. მარტო ვიბრაციით რომ იკითხება. რაღაც ისეთ ენაზეა დაწერილი ყველა ეროვნებას რომ შეუძლია გაიგოს.

ის ოცნებების, სურვილების, სიზმრების, დრაივების, მოულოდნელი ინტუიტიური შეტევების ენით გველაპარაკება. ენერგიის ენაზე. მენტალურ-ემოციური სიხშირეების ენაზე გვიგზავნის მესიჯებს.

მაგრამ ჩვენ ჩაკეტილები ვართ, გული დახურული გვაქვს, გონება გადატვირთული. არ მოდის ჩვენამდე. უფრო სწორედ, მოდის, მაგრამ არ ვუშვებთ.

არ გვყოფნის არც თავი, არც ტრ**ი, არც მოთმინება, არც შინაგანი გამძლეობა, არც რწმენა და არც ცნობიერება. ეს ყველაფერი მხოლოდ იმისთვის გვყოფნის, რომ უხილავებმა და უთქმელებმა გავაგრძელოთ ცხოვრება.

...

ჩემ შესახებ

ეკატერინე ჩიგოგიძე, ერიქსონის საერთაშორისო უნივერსიტეტის სერტიფიცირებული ქოუჩი, საავტორო პროგრამების ავტორი, ფინანსური და ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტი.

კონტაქტი

© EKATERINE, 2018. Developed by AMBER LTD