ეკატერინეEkaterine.geჩიგოგიძე

ბლოგი


5 ყველაზე დიდი შეცდომა, რომელიც გვაშორებს სასურველ ცხოვრებას

სასურველ ცხოვრებას რომ ვამბობ, ვგულისხმობ საოცნებო, მდიდრულ, წარმატებულ, ჰარმონიულ, ჯადოსნურ ცხოვრებას, რომელსაც მე დიდებულს ვუწოდებ. ყველა ჩვენგანს გვინდა ეს, განსხვავება მხოლოდ იმაშია ეს რეალურად განხორციელებადი გვგონია თუ არა.

ამ სტატიაში გაგაცნობთ ხუთ ყველაზე დიდ შეცდომას, რომელსაც ვუშვებთ, როდესაც გვსურს დიდებული ცხოვრება, ის კი „რატომღაც“ არა და არ მატერიალიზდება ჩვენს რეალობაში.

 

  1. არ ვუშვებთ მაშინ, როცა გაშვების დროა

ცხოვრების რაღაც ეტაპზე უბრალოდ უნდა გავუშვათ წარსული... იქნება ეს სამსახური, სადაც არ ვართ რეალიზებულები და „ნელი სიკვდილით ვკვდებით“, ბიზნესი, რომელსაც არ მოაქვს არანაირი სარგებელი, ურთიერთობა, რომელიც დიდი ხანია დასრულდა თუ ტანსაცმელი ან ფეხსაცმელი, რომელიც წლებია არ ჩაგვიცვამს...

როდესაც ვუშვებთ ჩვენგან ვადაგასულს, უსარგებლოს, არასაჭიროს, ჩვენ ვათავისუფლებთ ადგილს რაღაც უკეთესისთვის, რომელიც უნდა შემოვიდეს ჩვენს ცხოვრებაში.

რატომ ვებღაუჭებით ასე ძლიერად იმას, რაც ვიცით რომ უნდა გავუშვათ? იმიტომ, რომ გვგონია იქნებ ოდესმე დაგვჭირდეს, იქნებ გამოსწორდეს, იქნებ გაცოცხლდეს... გვეშინია, რომ იმის ნაცვლად რაც ეხლა გვაქვს არაფერი აღარ გვექნება.

მაგრამ სინამდვილეში როგორ ხდება? იმისათვის, რომ ახალი, დიდებული საგნები თუ მოვლენები შემოვიდნენ ჩვენს ცხოვრებაში, ჯერ უნდა გავთავისუფლდეთ იმისგან, რასაც ჩვენთვის სარგებლობა აღარ მოაქვს, უნდა გადავყაროთ დაგროვილი „ბალასტი“. პირველ რიგში, ეს ფიზიკურ დონეზე უნდა გავაკეთოთ ანუ გადავაგდოთ ან გავაჩუქოთ ფიზიკური ნივთები. როდესაც ფიზიკური სივრცე გასუფთავდება და ენერგია მოძრაობას დაიწყებს, უფრო დიდი რაღაცეების გაშვება, როგორიც არის მაგალითად უფუნქციო ურთიერთობები, უფრო გაადვილდება.

როდესაც ძველ ენერგიას ვუშვებთ, იქმნება სივრცე ახლისთვის. ბუნება არ უშვებს ვაკუუმს ანუ სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ, ბუნებას არ უყვარს ცარიელი ადგილები. ასე რომ, როდესაც ჩვენ ვქმნით თავისუფალ სივრცეს, სამყარო მაშინვე იწყებს მის შევსებას. სწორედ ამიტომ, როდესაც დავასრულებთ ურთიერთობას, რომელიც მკვდარია და აღარ ვითარდება, ახალ და უფრო მშვენიერ ურთიერთობას ეძლევა შესაძლებლობა, რომ შემოვიდეს. როდესაც ღრმადგამჯდარ წინააღმდეგობებს ვუშვებთ, მეტი სიყვარულის ენერგია შემოდის. როდესაც ვისწავლით მარტივად და უმტიკვნეულოდ ძველი აზრების, გრძნობების, პოზიციების, ურთიერთობების და ყველაფერი იმის გაშვებას, რასაც ჩვენთვის სარგებლობა აღარ მოაქვს, ჩვენ დავინახავთ, რომ მათ ადგილას სასწაულებრივად ჩნდება ახალი ჯადოსნური რაღაცეები და ასე იქმნება სივრცე დიდებული ცხოვრებისთვის.

 

  1. ვფიქრობთ, რომ არ ვიმსახურებთ

თუ ფიქრობ, რომ არ იმსახურებ დიდებულ ცხოვრებას, დროა ეს აზრი მოიშორო და აღარასდროს შემოუშვა თავში. საქმე იმაშია, რომ როგორც ჩემი საყვარელი პოეტი რუმი ამბობს “ის, რასაც შენ ეძებ, გეძებს შენ“ ანუ რაც შენ გსურს, იმასაც ასევე სურს შენთან. ის სასწაულები, რომელიც შენ გსურს, უბრალოდ გელოდებიან როდის იგძნობ თავს მათ ღირსად. შენი მზადყოფნა, რომ ისინი შემოუშვა შენს ცხოვრებაში, ემყარება შენს მიერ საკუთარი ღირებულების და თვითშეფასების შეგრძნებას. ეს კი თავის მხრივ საფუძველს იღებს საკუთარი თავის სიყვარულიდან.

როგორც ამბობენ, ვერავინ შეძლებს უყვარდე იმაზე მეტად, ვიდრე შენ გიყვარს შენი თავი და ადამიანები მოგცემენ მხოლოდ იმას, რასაც შენ მისცემ შენ თავს. ზუსტად ასეა მოწყობილი სამყაროც - ის მხოლოდ იმას მოგცემს, რის ღირსადაც თვლი თავს. მანამ, სანამ ღრმა და უპირობო სიყვარულით არ შეიყვარებ თავს, სამყაროს გაუჭირდება შენთვის სურვილების ასრულება.

თვით-სიყვარული და თვით-შეფასება განსხავდება ერთმანეთისგან. თვითშეფასება პირობითია ანუ ის მაღალია მაშინ, როცა შესრულებულია გარკვეული პირობები, მაგალითად: „მე ვაფასებ ჩემს თავს იმიტომ, რომ ჭკვიანი ვარ, იმიტომ, რომ მიმზიდველი ვარ, იმიტომ, რომ მზრუნველი ვარ“.... მაგრამ ყველა ეს „იმიტომ, რომ“ არის წინაპირობა; თვითშეფასება არის ის, რაც შენ დაიმსახურე, რისთვისაც იშრომე.

მაგრამ თვით-სიყვარული ეს არის შენი თავის მიმართ სიყვარულის უპირობო გრძნობა მიუხედავად იმისა, რაც არ უნდა ხდებოდეს. ის არ არის დამოკიდებული იმაზე ჭკვიანი ხარ, ლამაზი თუ ნიჭიერი. ის არაფერზე არ არის დამოკიდებული. ეს არის მდგომარეობა, როდესაც შენ ყველანაირი წინაპირობების გარეშე იღებ შენს თავს ისეთს, როგორიც ხარ!

შეფასება ძალიან კარგია, მაგრამ იმისთვის, რომ შენი ცხოვრება აივსოს დიდებული, ჯადოსნური, საოცნებო რაღაცეებით, შენ უნდა გიყვარდეს შენი თავი. ეს თუ ასე არ არის და შენ სიღრმისეულად არ გრძნობ, რომ იმსახურებ დიდებულ ცხოვრებას, ეს ახდენს ენერგეტიკულ ბლოკირებას და შენთან აღარ მოდის ის, რაც გსურს.

„ჩვენს ცხოვრებაში მატერიალიზდება არა ის, რაც გვსურს, არამედ ის, რისიც გვჯერა“.

 

  1. ჩვენი გონების ძალას ვიყენებთ იმისთვის, რომ წარმოვიდგინოთ ის, რაც არ გვინდა

ნებისმიერი, რამ, რისი ხორცშესხმაც გვინდა რეალობაში, თავდაპირველად უნდა წარმოვიდგინოთ ჩვენი გონების თვალით, რაც გვეხმარება იმაში, რომ შევქმნათ სასურველი ნივთის ან სიტუაციის ქონით გამოწვეული მდგომარეობის მენტალური ვიზუალური იმიჯი და შემდეგ დავიწყოთ მისი მატერიალიზაციის ანუ განხორციელების პროცესი. მაგრამ ვიზუალიზაციის ეს კანონი შეიძლება ჩვენს წინააღმდეგ ამუშავდეს, თუ დავუშვებთ შეცდომას, რომ წარმოვიდგინოთ ის, რაც არ გვინდა რომ მოხდეს. როგორც არაერთი გამოკვლევით დგინდება, გონებას არ შეუძლია განასხვავოს ერთმანეთისგან რეალური და წარმოსახვითი, ამიტომ ტვინი იწყებს ახალი ნეირონული ქსელების შექმნას იმის მიხედვით, რის ვიზუალიზაციასაც ვაკეთებთ როგორც რეალურის.

როდესაც ახალი ნეირონული ქსელი დამყარებულია, ჩვენ უპრობლემოდ შეგვიძლია ვაკეთოთ ის, რაც წარმოვიდგინეთ, რომ გვინდოდა გვეკეთებინა.

მაგრამ ეს პროცესი საპირისპიროდაც მუშაობს. ფაქტიურად შფოთი და ღელვა წარმოადგენს სწორედ იმის აქტიური ვიზუალიზაციის პროცესს, რაც არ გვინდა რომ მოხდეს. და ამას აკეთებს ადამიანთა დიდი უმრავლესობა დროის უმეტეს ნაწილში.

თუ შენ გაქვს ჩვევა, რომ იფიქრო „ჩემი შეყვარებული ალბათ მიმატოვებს, რადგან ყოველთვის ასე ხდებოდა“, ან „მე ყოველთვის ჭარბი წონა მექნება, რადგან ბავშვობიდან ასე ვარ“, „მე ვერასოდეს გავხდები ბიზნესმენი, რადგან ამის ნიჭი არ მაქვს“ და ა.შ. შენ ამით ღრმა ნეირონულ ქსელს ქმნი შენს ტვინში, რომლის შემობრუნებასაც დიდი ძალისხმევა დასჭირდება.

 

  1. გარშემო გვყავს არასწორი ადამიანები

თუ ერთი შეხედვით ყველაფერს „სწორად“ აკეთებ, მაგრამ რატომღაც არ ხდება სასურველის მატერიალიზაცია შენს ცხოვრებაში, დროა დაფიქრდე, ხომ არ არის კიდევ რამე, რაც ქმნის დაბრკოლებას?

შესაძლოა სხვა ფაქტორებიც იყოს, მაგრამ ერთი, რაც მეცნიერულადაც დადასტურებულია არის ის, რომ ჩვენს სასურველ შედეგებზე გავლენას ახდენენ ის ადამიანები, ვინც ჩვენს გარემოცვაში არიან.

როგორც ცნობილია, ფიქრი წარმოშობს თავის ენერგო ველს - ენერგიას, რომელიც შეგიძლია გამოიყენო ცხოვრების გასაუმჯობესებლად, სხვების ცხოვრებაზე გავლენის მოსახდენად, ხოლო კოლექტიური ურთიერთდაკავშირებული ენერგოველის საშუალებით სამყაროში მნიშვნელოვანი ცვლილებების გასატარებლადაც.

ამის გათვალისწინებით გულწრფელად უპასუხე ამ კითხვებს:

  • ვინ შეიძლება იყოს შენს ცხოვრებაში ისეთი, ვისი ფიქრებიც არ უწყობს ხელს შენს წარმატებას და ბედნიერებას?
  • არიან შენს გარშემო ადამიანები, რომელთაც ამა თუ იმ მიზეზით შეიძლება არ სურდეთ შენი წარმატება?
  • გყავს ისეთი მეგობრები, რომლებიც ფიქრობენ, რომ შენი წარმატება მათ რაღაცას დააკლებს ან შეამცირებს მათი წარმატების შანსებს?
  • შესაძლოა ასეთი ადამიანები ქმნიდნენ შენს გარშემო წინააღმდეგობრივ ენერგო ველს?
  • რამდენად გამართლებულია ასეთი ადამიანების ყოლა შენს ცხოვრებაში?

კარგად დაფიქრდი, შესაძლოა მოვიდა დრო, რომ შენს გარშემო მყოფი ადამიანების „გენერალური დალაგება-დასუფთავება“ დაიწყო.

 

  1. გვეშინია წარუმატებლობის

ჩვენ ხშირად იმდენად გვეშინია წარუმატებლობის, რომ საერთოდ ვარიდებთ თავს მიზნების დასახვას, რეალური ნაბიჯების გადადგმას და ვვარდებით სრულ უმოქმედობაში. გამუდმებით გვაქვს შემზღუდავი აზრები, როგორიცაა „ჯერ არ ვარ მზად“ „არ მაქვს საკმარისი განათლება“ „მე ეს არ გამომივა“ „არ მაქვს დრო“ „არ მაქვს ფული“ „ამ ქვეყანაში გავლენიანი კონტაქტების გარეშე ბიზნესის კეთება შეუძლებელია“... მიზეზები ულევია რითიც „ვამართლებთ“ ჩვენი მხრიდან პასიურობას და საქმის გადადებას, ნამდვილი ძირეული მიზეზი კი ერთია, გვეშინია, რომ ჩვენი მცდელობა მარცხით დამთავრდება. ამის გამო, ოცნებაზეც კი უარს ვამბობთ. ვართ ესე სადღაც საშუალოობაში გაჭედილები, არც კარგად, არც ცუდად, არც მდიდარი, არც ღარიბი, არც ბედნიერი, არც უბედური...

ამას ისიც ამძიმებს, რომ ირგვლივ თითქოს სულ წარმატებულ ადამიანებს ვხედავთ. სოციალური ქსელები, ტელევიზია, პრესა გადაჭედილია წარმატების ისტორიებით... მაგრამ ჩვენ გვავიწყდება ერთი რამ, რომ ყოველი წარმატებული ადამიანის ცალკეული გამარჯვების უკან მრავალი დამარცხება, შეცდომა და წარუმატებლობაა, რომლის შესახებაც უბრალოდ ინფორმაცია არ გვაქვს. ის, რასაც  „მოულოდნელ წარმატებას“ ან ინგლისურად “overnight success”-ს ეძახიან, რეალურად ბევრი წლის შრომის, ცდისა და მარცხის შედეგია.  

სწორედ ამას ყვებიან ისინი, ვინც დიდ წარმატებას და აღიარებას მიაღწიეს, რომ მხოლოდ მაშინ მოდის ჩვენთან რეალური ხელშესახები გარღვევები, გამარჯვებები და სიუხვე, როდესაც დავთანხმდებით, რომ განვიცადოთ წარუმატებლობა, თან არა ერთხელ, არამედ იმდენჯერ, რამდენჯერაც ეს საჭირო იქნება.

მართალია ჩვენ არ შეგვიძლია სასწაულების მოხდენა, ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ პირობები, რომ სასწაულები შემოედინოს ჩვენს ცხოვრებაში. ამ ნაკადში ცხოვრება კი არის ჯადოსნურ ზონაში ცხოვრება.

გახსოვდეს: გაცნობიერება გვაახლოვებს განხორციელებას. იყავი გაცნობიერებული!

ჩემ შესახებ

ეკატერინე ჩიგოგიძე, ერიქსონის საერთაშორისო უნივერსიტეტის სერტიფიცირებული ქოუჩი, საავტორო პროგრამების ავტორი, ფინანსური და ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტი.

კონტაქტი

© EKATERINE, 2018. Developed by AMBER LTD