ეკატერინეEkaterine.geჩიგოგიძე

გამოხმაურებები

თამარ გიორგობიანი, კლინიკური ნეიროფსიქოლოგი

დაახლოებით ორი წლის წინ, როდესაც ეკატერინე, ჩემი და, აქტიურად ჩაერთო ქოუჩინგის სფეროში, შემომთავაზა გაგვეკეთებინა რამდენიმე სესია. მე დავთანხმდი, თუმცა სიმართლე გითხრათ, თავდაპირველად არ ვიცოდი რაზე უნდა მელაპარაკა, არც იმის თქმა შემეძლო რა უნდა მიმეღო სესიებისგან, ან რა პრობლემა უნდა გადამეჭრა. უბრალოდ ვგრძნობდი, რომ  იმ მომენტში იყო ჩემში ისეთი რაღაც, რაზეც უნდა მელაპარაკა, რისი გაცნობიერებაც უნდა მომეხდინა, რადგან ერთგვარ შებოჭილობას ვგრძნობდი, რაც ნაბიჯების წინ გადადგმის და თვითრეალიზების საშუალებას არ მაძლევდა, როგორც სწავლის, ასევე სხვებთან ურთიერთობის პროცესში. არც ვცდილობდი ამაზე მეფიქრა, ყოველდღიურად უბრალოდ მივყვებოდი დინებას და ვცდილობდი ნაკლები კითხვა დამესვა ჩემი თავისთვის, ნაკლებად მემოქმედა და შემეცვალა ჩემი თავი, რადგან ეს თითქოს უფრო მეტ იმედგაცრუებას და ტკივილს ამარიდებდა თავიდან. ეს ის მომენტი იყო, როდესაც შენ ერგები პრობლემას და მასთან ერთად ცხოვრობ და კომფორტულად ხარ. ყველაზე მეტად ალბათ მოველოდი, რომ იმ კითხვას დამისვამდნენ, რისი დასმისაც ჩემი თავისთვის მეშინოდა („რა გჭირდება ბედნიერებისთვის?“; „რა გიშლის ხელს?“; „რას შეცვლიდი?“; „შენ რას გააკეთებდი?“ და ა.შ.) და რომ ეს კითხვები მომცემდა საშუალებას ნათლად დამენახა რა მაბრკოლებდა.

დაისვა თუ არა კითხვები, მე მომეცა შესაძლებლობა დავფიქრებულიყავი და მომეძებნა ჩემს თავში პასუხები. ეს პასუხი არ იყო აუცილებელი ყოფილიყო სწორი ან არასწორი, უბრალოდ ის იყო, რასაც განიცდიდი თუნდაც იმ მომენტში. ჩემთვის ეს ძირითადად უკავშირდებოდა სწავლის პროცესს. ახალი დაწყებული მქონდა სამაგისტრო პროგრამა და ვგრძნობდი, რომ ვერ ვერთვებოდი აქტიურად სწავლის პროცესში, მიჭირდა სხვებივით თამამად აზრის გამოთქმა, ჩემ თავში მეპარებოდა ეჭვი, ვცდილობდი ყოველი სიტყვა ამეწონდამეწონა, მის ჭეშმარიტებაში დავრწმუნებულიყავი, მეშინოდა შეცდომის და შენიშვნის. ეს ყველაფერი ერთად იწვევდა დიდ შფოთვას. მე უბრალოდ პასიურად ვიჯექი, თავს ვარიდებდი ამ სტრესულ სიტუაციას და ვერ ვახერხებდი საკუთარი თავის გამოხატვას.სესიების დროს მქონდა საშუალება ამ განცდების ვერბალიზების, გაცნობიერების, იმ პერიოდში ჩემი მთავარი მიზნის პოვნის და იმ ამოცანების და ნაბიჯების ნათლად დაგეგმვის, რაც მის მისაღწევად იყო საჭირო. მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ მომეცა შესაძლებლობა თანდათანობით გამებედა, ხელი ამეწია, საკუთარი აზრი გამომეთქვა და ნათლად დამენახა, რა კარგია თუნდაც რაღაც პატარა წარმატებაც კი. ვისწავლე ასევე მიზნის წინასწარ წარმოსახვა და წარმატებით ტკბობა, რამაც კიდევ უფრო შემმატა მოტივაცია. აქ ასევე იძენ უნარებს, რაც დაგჭირდება შემდგომი გამოწვევების გასამკლავებლად და ხდები აქტიურად ჩაბმული შენივე ბედნიერების და მიზნის მიღწევის პროცესში.

პირველ რიგში გავაცნობიერე, რა არის ჩემთვის მნიშვნელოვანი და მთავარი. ჩემთვის პირადად ეს არის, ვიყო პროფესიონალი ჩემს საქმეში. გავაცნობიერე, როგორ იყო პირდაპირ დაკავშირებული ჩემი აწმყო პრობლემები ჩემს მთავარ მიზანთან. ასევე დავინახე რა რწმენები ედო ამ ყველაფერს საფუძვლად. რწმენა იმისა, რომ შეცდომა დაუშვებელია და კატასტროფაა, რომ მე მუდამ მოწოდების სიმაღლეზე უნდა ვიყო. რაც მნიშვნელოვანია მივხვდი, რომ ეს მხოლოდ სწავლის სფეროზე არ ვრცელდებოდა, არამედ ასევე პირად და სოციალურ ურთიერთიერთობებზეც. რაც მთავარია, გავაცნობიერე, რომ ეს რწმენები და გამოწვევები მე უნდა დავძლიო; მე აქტიურად უნდა ჩავერთო ამ პროცესში; მე უნდა შევიცვალო იმისთვის, რომ საბოლოოდ ვიპოვო, გავხდე და გამოვხატო ჩემი თავი. თუმცა ამავდროულად ამ პროცესში ბევრი თანამგზავრი მყავს, როგორც ქოუჩის, ასევე ჩემი ოჯახის და მეგობრების სახით, რომელთაც შემიძლია დავეყრდნო, გავუზიარო ემოციები და გამოცდილებები.

მომავალშიც ვისურვებდი ეკასთან მუშაობას. პირველ რიგში იმიტომ, რომ მე მაქვს შესაძლებლობა მას ვუყურო ყოველდღე რამდენს მუშაობს და როგორ იზრდება. ვხედავ იმ დიდ მოტივაციას, რაც ამას უდევს საფუძვლად; ვხედავ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი პირველ რიგში მისთვის; თანდათან როგორ შეუძლია უფროდაუფრო მეტის გაცემა ადამიანებისთვის და ვხედავ როგორი კარგი თანამგზავრი იქნება ის მათთვის მიზნისკენ მიმავალ რთულ გზაზე.

ეკას მომავალ კლიენტებს მინდა ვუთხრა: თუნდაც არ იცოდეთ რა გინდათ, თუნდაც არ იყოთ დარწმუნებული ან სკეპტიკურად იყოთ განწყობილები, უბრალოდ სცადეთ, შესაძლოა აქ იპოვოთ პასუხები მნიშვნელოვან კითხვებზე, შესაძლოა ეს თქვენი შანსია და სწორედ ის პირველი ნაბიჯია, რომელიც თქვენ გჭირდებათ მნიშვნელოვანი მიზნის მისაღწევად.

  • კლიენტი: თამარ გიორგობიანი

ჩემ შესახებ

ეკატერინე ჩიგოგიძე, ერიქსონის საერთაშორისო უნივერსიტეტის სერტიფიცირებული ქოუჩი, საავტორო პროგრამების ავტორი, ფინანსური და ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტი.

კონტაქტი

© EKATERINE, 2018. Developed by AMBER LTD